თეა ახვლედიანი ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ანიკა სოდერს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს შვედეთის თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე 2021 წლის 28 აპრილს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის შედეგები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ზაზა გახელაძის საკითხს. მხარეების მიერ ხაზგასმით აღინიშნა სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით, მათ შორის იპრმ-ის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

„დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეუთოს თანათავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე, სიღრმისეულად განვიხილეთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და განსაკუთრებით, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ყველა აქტუალური მიმართულება და პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, ჩვენ რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ინტენსიური კომუნიკაციაში ვიმყოფებით მათთან. ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ სულ ორიოდე დღის წინ ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა და ჩვენ განვიხილეთ IPRM-ის დღის წესრიგში მდგარი ყველა მნიშვნელოვანი თემა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩვენი მოქალაქების უკანონო დაკავებებზე და მნიშვნელოვანი აქცენტით განვიხილეთ ზაზა გახელაძის შემთხვევა რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ დავაყენეთ მისი უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი. საპასუხოდ ქალბატონმა ანიკა სოდერმა წარმოადგინა ამომწურავი ინფორმაცია მათი მხრიდან განხორციელებული ძალისხმევის თაობაზე, მათ შორის მოსკოვსა და ცხინვალთან მიმდინარე მოლაპარაკებებსა და საუბრებზე, ასევე თანათავმჯდომარეების მხრიდან დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზე. ჩვენ აუცილებლად ერთობლივი ძალისხმევით და ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტისა და ინსტრუმენტის გამოყენებით, აუცილებლად განვაგრძობთ ინტენსიურ მუშაობას ამ მიმართულებით, რათა დაუყოვნებლივ იქნან გათავისუფლებულები ჩვენი მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს გამყოფ ხაზზე თავისუფალი გადაადგილების აღდგენის საჭიროებას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საარსებო წყაროებსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა მიეცეს.

კიდევ ერთხელ აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ისევე როგორც იპრმ-ის ფორმატებისა და მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის მნიშვნელობა ზემოხსენებული და სხვა ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის მიზნით.

მხარეებმა ასევე „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგზე იმსჯელეს და გაცვალეს ხედვები სამშვიდობო პროცესში ქალთა აქტიური ჩართულობის გაძლიერების ხელშესაწყობად.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში განსაზღვრული სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები. საუბარი ასევე შეეხო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესს. ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივები და მათი განხორციელების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები