თემურ ბასილია: პროკურატურის პოზიცია ეწინააღმდეგება აშშ-ის გადაწყვეტილებას ჩემთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მონიჭების თაობაზე

სააკაშვილის რეჟიმისგან დევნილი ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდა, სოციალურ ქსელში საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილ დოკუმენტზე საუბრობს, სადაც წერენ, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს, მასზე პოლიტიკური დევნა კანონის დაცვით ხორციელდებოდა.

ბასილიას თქმით, პროკურატურის პოზიცია სრულად ეწინააღმდეგება აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე:

“დაახლოებით ერთი თვის წინ, საქართველოს პროკურატურიდან მივიღე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მეუბნებიან, რომ თურმე, სააკაშვილის რეჟიმის დროს, ჩემი პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა კანონის სრულად დაცვით, რომ თითქოს ყალბი საქმის „შეკერვა“, მტკიცებულებების გაყალბება, მოწმეებისთვის ყალბი ჩვენებების იძულება, ფულის გამოძალვა და ა.შ. თურმე პროკურატურის შეფასებით, კანონიერი, საგამოძიებო ქმედებები ყოფილა.

პროკურატურის ეს, ძალიან უცნაური პოზიცია სრულად ეწინააღმდეგება აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჩემთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მონიჭების თაობაზე, თავად პროკურატურის ხელახალი გამოძიების შედეგებს და რაც მთავარია, გასული წლის მაისის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გამამართლებელ განაჩენს, რომელმაც სინამდვილეში კანონდარღვევის არაერთი ფაქტი დაადასტურა.

ჩემი საქმე არ არის გამონაკლისი ან ერთადერთი – რამდენიმე ადამიანის მიმართ, ვისაც აშშ-ის ხელისუფლებამ ჩემს მსგავსად პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა, მათი საქმეების გადახედვა ჯერ არც კი დაწყებულა საქართველოში. ნურავის გაუკვირდება, რომ აშშ-ის ხელისუფლება ინფორმირებულია ასეთ ფაქტებზე,”- წერს თემურ ბასილია.

კომენტარები