თემქაზე საცხოვრებელ კორპუსში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მათი გამოყვანა მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ჩამოშლილია დაახლოებით 5 კუბური მეტრი მიწა.
ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, მიწის ჩამოშლის მიზეზი კორპუსის მშენებლობა გახდა, რასაც მოსახლეობა უკვე დიდი ხანია, აპროტესტებს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საცხოვრებელი კორპუსი ამ დროისთვის ევაკუირებულია.
ადგილზე საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები იმყოფებიან.