თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა – სახლში მკურნალობს

თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.

„ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს, სახლში მკურნალობს“, – აცხადებენ კლინიკაში.

-„ბატონ თენგიზთან ყოველდღე ვართ შემხებლობაში, მაგრამ ნიღბები გვიკეთია ყველას. ყველანი გუშინ დავიტესტეთ კორონავირუსზე, პასუხი უარყოფითია.  ჩვენ პრაქტიკულად ისეთ რეჟიმში ვართ, სულ თვითიზოლაციაში ვართ. როგორც ვიცით, ბატონო თენგიზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.

კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიასაც დაუდასტურდა. ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს, ისიც სახლში მკურნალობს.

-„თენგიზ ცერცვაძეს, გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37.8 გრადუსი აღენიშნებოდა. ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა სხეულის ტემპერატურა შედარებით დაბალია. თენგიზ ცერცვაძე და ანა თოფურია სახლის პირობებში შესაბამისი დადგენილი გაიდლაინის და პროტოკოლის მიხედვით მკურნალობენ“, – აცხადებენ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში.

საქართველოში კორონავირუსის  3 117 შემთხვევა გამოვლინდა. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

კომენტარები