თენგიზ ცერცვაძე – „საბედნიეროდ, პიკმა გადაიარა – შეზღუდვები მოიხსნება, რეგულაციები უნდა დარჩეს“

-„აქტიური ინფექციის 30 000 შემთხვევა იყო ყოველდღე. ჯანდაცვის სექტორმა სერიოზულ ზეგადატვირთვას გაუძლო. მართალია, იყო გარკვეული შეფერხებები, პრობლემები, საბედნიეროდ, პიკმა გადაიარა.  ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ, 4-ჯერ შემცირდა. თუ იყო 5 000-მდე დღეში, ახლა სადღაც, 1 000-დან 2 000-მდეა. იყო იმის მოლოდინი და შიში, წინასაახალწლოდ შეზღუდვების ერთკვირიანი მოხსნა ხომ არ გამოიწვევდა ისევ შემობრუნებას უკან, ე.წ. მესამე ტალღის დასაწყისს. ჯერჯერობით,  შეზღუდვების მოხსნის პერიოდიდან უკვე გავიდა 10-12 დღე, არ ფიქსირდება ასეთი ზრდა.

როგორც ჩანს, ახალი წლის წინა პერიოდში მოსახლეობა უფრო მობილიზებული იყო. უფრო მეტად იცავდა რეგულაციებს, ვიდრე მანამდე. ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი ექიმების ამოცანაა, როდესაც მივაღწევთ, მნიშვნელოვან შემცირებას და მოიხსნება შეზღუდვები, მოხსნილი შეზღუდვების პირობებში შევინარჩუნოთ ის შემცირებული რიცხვი. ამისთვის აუცილებელი იქნება, დავიცვათ ის რეგულაციები, რომლის შესრულებაც, როგორც იქნა ვისწავლეთ , – ეს არის პირბადის აუცილებელი ტარება დახურულ და ღია სივრცეში,  სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება. არ ვიცი, შეზღუდვები როდის მოიხსნება, მაგრამ მოიხსნება, რეგულაციები უნდა დარჩეს“, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხთან.

 

კომენტარები