თენგიზ ცერცვაძე: „საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ე.წ. ღორის გრიპის პანდემიის დროს“

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„საქართველოში, ყოველ მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ნაკლებია იმაზე, ვიდრე ეს გვქონდა ე.წ. ღორის გრიპის პანდემიის დროს, 2009-2010 წლებში.

საქართველო იყო და მყარად ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, სადაც ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, კოვიდისგან სიკვდილობის შემთხვევების რიცხვი ყველაზე ნაკლებია,  ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნებში. სულ 5 გარდაცვლილი ყოველ მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი? რათა ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ ის არის დაცული, მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს სახელმწიფო, ჯანდაცვის სისტემა და ეს სისტემა გამართულად რომ მუშაობს“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოს რამდენიმე ქალაქში საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება გადაიდო.

-„სასწავლო პროცესი გადაიდება პირველ ოქტომბრამდე. ოღონდ მსხვილ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი, – უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში დაიწყება პირველ ოქტომბერს. ეს გადაწყვეტილება იმისთვის არის საჭირო, რომ დღევანდელი რისკები სწორად შეფასდეს. საჭიროა ორი კვირა, ამის შემდგომ იქნება მიღებული დამატებითი გადაწყვეტილება ბავშვებთან მიმართებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 შემთხვევა გამოვლინდა. 20 გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები