თენგიზ ცერცვაძე ღია წერილს ავრცელებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ღია წერილს ავრცელებს, ქართველი ექიმის, მანანა ჯებაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პასუხობს:

-„ქალბატონო მანანა, რიგ საკითხებში ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ალბათ, ეჭვი არ გეპარებათ ჩემს გულწრფელ და ღრმა პატივისცემაში თქვენი, როგორც პიროვნების და პროფესიონალის მიმართ.

ისიც კარგად მესმის, რომ ოპონირების დროს გადაჭარბებებიც მოსულა, მაგრამ დღეს თქვენს ფეისბუქ გვერდზე ისეთი რამ დაწერეთ, რაც ჩვენთან დამკვიდრებულ სტანდარტებშიც კი არ ჯდება. თქვენ ბრძანეთ „45 გარდაცვლილი (იგულისხმება COVID-19-ით პაციენტები, თ.ც.)“ ….. სიკვდილობის %-ით ყველას გადავაჭარბეთ! რას ფიქრობს სახელმწიფო, სანამდე უნდა გაგრძელდეს ბუნებრივი გადარჩევის პროცესი ისედაც მცირერიცხოვან ერში!“.

ამას წინათ ერთ ჩემს კოლეგას შევახსენე სიტყვები, რომლებსაც ჰიტლერს და ჰებელსს მიაწერენ „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“.

მესმის, რომ გინდათ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი დახატოთ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამისთვის სხვა უფრო შესაფერისი მაგალითი მოგეძებნათ.

მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ და თქვენ თვითონ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ გაეცნობით ევროპის CDC-ის (ECDC), ჯანმო-ს და Worldometer -ის ოფიციალურ მონაცემებს ა.წ. 17 ნოემბრისთვის, რომ COVID-19-ის ყველა დადასტურებულ შემთხვევათა შორის (CFR) საქართველოზე დაბალი სიკვდილობის პროცენტი ევროპის 56 სახელმწიფოს შორის აქვს მხოლოდ სლოვაკეთს, ლიეტუვას და კიდევ რამოდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს, ხოლო 46 (ორმოცდა ექვს) სახელმწიფოს სიკვდილობის საქართველოზე მაღალი პროცენტი აქვს.

რაც შეეხება „ბუნებრივ გადარჩევას“ ამის ჩვენი სახელმწიფოსთვის დაბრალება უბრალოდ მკრეხელობაა. აი, ევროპის და ამერიკის მთელ რიგ სახელმწიფოებში კი ასეთი რამ მართლა ხდებოდა და ზოგან ახლაც ხდება. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ბევრისთვის სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყანა შვედეთში არსებობდა ოფიციალური მითითება-რეკომენდაცია, რომ 65 წელზე მეტი ასაკის COVID-19-ით ავადმყოფები საავადმყოფოებში არ გადაეყვანათ, რადგან მათთვის იქ ადგილი არ იყო. წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა, ეს რომ საქართველოში მომხდარიყო. აი, ასეთია სინამდვილე, მოგწონთ ეს, თუ არა“.

კომენტარები