თენგიზ ცერცვაძე: „შემოვლას როდესაც ვაკეთებთ, ყველა პაციენტი კითხულობს, როგორ არის პირველი პაციენტი. მათ სჯერათ, რომ ის თუ გამოჯანმრთელდება, ისინიც გამოჯანმრთელდებიან“

-„შემოვლას როდესაც ვაკეთებთ, ყველა პაციენტი კითხულობს, როგორ არის პირველი პაციენტი. მათ სჯერათ, რომ ის თუ გამოჯანმრთელდება, ისინიც გამოჯანმრთელდებიან.

გამოჯანმრთელებულად პაციენტი მხოლოდ მაშინ ითვლება, როდესაც ორი თანმიმდევრული გამოკვლევის დროს მისი ტესტი უარყოფითი იქნება. მეორე გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება. ვინაიდან ეს პირველი პაციენტია, გამოკვლევა ჩატარდება როგორც ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, ასევე ლუგარის ცენტრში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ისიც უარყოფითი იქნება. ეს მიკრო სიხარული და მცირე ზეიმი იქნება.

მე, პირადად ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. იმიტომ რომ, სხვა დანარჩენი პაციენტებიც გამოჯანმრთელდებიან, ვინაიდან ჩვენ არ გვყავს ისეთი შემთხვევა, სადაც ლეტალური შედეგი შეიძლება დადგეს. თუმცა ხალხისთვის, და განსაკუთრებით ჩვენი პაციენტებისთვის ამას დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. შემოვლას როდესაც ვაკეთებთ, ყველა პაციენტი კითხულობს, როგორ არის პირველი პაციენტი. მათ სჯერათ, რომ ის თუ გამოჯანმრთელდება, ისინიც გამოჯანმრთელდებიან“, – განაცხადა „იმედის დილაში“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 418 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 პაციენტი რჩება.

ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა, სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით გადავადდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კრონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს  ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.

კომენტარები