თენგიზ ცერცვაძე: „ჩვენ თუ შევძელით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, კოლაფსი კი არა, – საქართველო იქნება ოაზისი აქართველო საზღვრების გახსნას თუ გაუძლებს, ეს იქნება ისტორიული მოვლენა“

-„მთელ მსოფლიოში საშუალოდ იზრდება ყველგან შემთხვევათა რაოდენობა. ზოგიერთ ქვეყნებში, ძირითადად ევროპის ქვეყნებში – იკლებს. მაგრამ არა ისე, როგორც საქართველოში.  ჩვენ სამეზობლოში არ იკლებს, იზრდება კიდეც. სულ ხუთი-ექვსი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ვირუსის ჩვენნაირი სურათია – უნგრეთი, სლოვაკეთი, ესტონეთი, ლატვია.  ნუ დაგვავიწყდება, ამ ქვეყნებში დღეს არის ცოტა შემთხვევა, იმდენი, რამდენიც საქართველოში, თორემ ჯამური შემთხვევები იქ გაცილებით მეტია. მსოფლიოს 30 ქვეყანაში აღინიშნება მატება, მათ შორის არის ევროპის ქვეყნები, – უკრაინა, ინგლისი და სხვა.

რომელ კოლაფსზე უნდა ვილაპარკოთ, როცა დღეში სულ ორი-სამი შემთხვევაა?! ჩვენ თუ შევძელით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, კოლაფსი კი არა, – საქართველო იქნება ოაზისი, თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის. დღეს უკვე არის საქართველო თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის. ყველას უკვირს, როგორ მოახერხა საქართველომ, მთელ ევროპაში, განსაკუთრებით იმ რეგიონში, სადაც შემთხვევების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იმატებს.

ეს კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საქართველოს მთელმა ვერტიკალმა, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ პანდემიაზე, დაწყებული დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, გაგრძელებული ჯანდაცვის სამინისტროთი და დამთავრებული საქართველოს მთავრობით და პირადად პრემიერით, იმუშავეს არა უბრალოდ კარგად, არამედ ძალიან კარგად. მათ მიერ გატარებული საპასუხო ზომები  დროული, ადეკვატური და ეფექტიანი იყო. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვხსენით საგანგებო მდგომარეობა, მოვხსენით შეზღუდვების უმრავლესობა და შევინარჩუნეთ ეს ძალიან დაბალი დონე, ე.ი. მათი გატარებული საპასუხო ზომები ყოფილა არამხოლოდ დროული და ეფექტიანი, არამედ ძალიან მდგრადი.

ერთადერთი, რამაც შეიძლება საქართველოში კოლაფსი გამოიწვიოს, ეს არის საერთაშორისო ტურიზმის გახსნა.

მანამდე ჩვენ არანაირ მატებას არ ველით, ქვეყნის შიგნით არ გვაქვს ინფექცია ფაქტობრივად, ვისგან უნდა გავრცელდეს? საქართველომ გაუძლო პირველ გამოცდას, როცა საჭირო იყო ინფექციის შეკავება, გაუძლო მეორე გამოცდას, როდესაც მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა, შეზღუდვები, არ გაიზარდა ახალი შემთხვევები. თუ საქართველო გაუძლებს საზღვრების გახსნას, ეს იქნება ისტორიული მოვლენა,- მთელი მსოფლიო ჩვენზე ილაპარაკებს. თუ ეს ასე არ მოხდა და შემთხვევები გაიზარდა, ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, პირველ რიგში კლინიკური სექტორი. მოსახლეობა მინდა დავარწმუნო, კლინიკური სექტორი, როგორც მომზადებული და წარმატებული შეხვდა პირველ ტალღას, ისე, რომ თავისი შესაძლებლობების ერთი/მეხუთედის გამოვლენაც კი არ დასჭირვებია, თუ იქნება ახალი ტალღა ტურიზმის გახსნის მერე, ჰოსპიტალური სექტორი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, შეხვდება ასევე მომზადებული.

სიტყვა კოლაფსი, რომელიც უკვე ბევრ ქვეყანაში უკვე იყო და ბევრ ქვეყანას მოელის, საქართველოს ეს არ ემუქრება. სიტყვა კოლაფსის გამოყენება საქართველოს ჯანდაცვასთან მიმართებაში არ დაგვჭირდება.

კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით საქართველო არის ბედნიერი, არის იშვიათი გამონაკლისი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები