თენგიზ ცერცვაძე: „ჩვენ რომ დაგვეწყო ჩინური ვაქცინით აცრა, მაშინ რა რეაქცია იქნებოდა? – ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა“

პალიტრანიუსის“ გადაცემაში, შეკითხვაზე, იმოქმედა თუ არა ოპოზიციის კრიტიკამ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით?

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:

-„შესაძლოა, გარკვეულწილად,  ამანაც იმოქმედა. კორონავირუსმა შექმნა სიძნელეები, საიდანაც სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ არსებობს.

საქართველომ აზერბაიჯანის მსგავსად იმიტომ არ გამოიყენა ჩინური ვაქცინა, – დაზუსტებით არავინ იცის, რამდენად ეფექტურია ის. აზერბაიჯანი არ დაელოდა „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ცალსახა მოთხოვნა აქვს და გაიკეთა ჩინური ვაქცინა, მაშინ, როდესაც, ჩვენი მოქალაქეები და პირველ რიგში, ჩვენი ოპონენტები, ხმამაღლა აცხადებდნენ, არ გაბედოთ, -ჩინური ვაქცინის შემოტანა. ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა. აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩია, მან გაიკეთა ჩინური ვაქცინა.

ჩვენ რომ დაგვეწყო ჩინური ვაქცინით აცრა, მაშინ რა რეაქცია იქნებოდა? მაშინ გვეტყოდნენ, – ხალხის ბედი არ ანაღვლებს მთავრობას, ჩინური, შეუმოწმებელი, არასანდო და შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინაცია დაიწყესო. შეიძლება ჩვენ გამოგვეყენებინა ჩინური ვაქცინა, ის ძალიან კარგი ყოფილიყო. ჩემი პირადი განცდაა, – ის ცუდი არ იქნება, მაგრამ არის ეს ჩემი პირადი განცდა,  ამის არგუმენტები და დოკუმენტები არ მაქვს. კვლევის შედეგები არ მაქვს. შესაძლოა, ის კარგი აღმოჩნდეს და ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანის არჩეული გზა იქნება სწორი და ის დარჩება მოგებული და ჩვენ დავრჩებით წაგებული, მაგრამ შეიძლება ჩინური ვაქცინა აღმოჩნდეს არასანდო ან ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი. მაშინ ნახეთ კრიტიკის, რა ქარცეცხლი დაატყდება აზერბაიჯანს, მის მთავრობას. მაშინ აღმოჩნდება, – ჩვენი პოზიცია, რომელიც უფრო ფრთხილი იყო, სწორი ყოფილა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები