თერჯოლაში გარდაცვლილი ბიჭი – „ვინმემ თუ აიძულა და ძალადობის ქვეშ იყო, მისი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა თვითმკვლელობა“ – ანდრია ჯაღმაიძე

-„ამ ასაკის ბავშვისთვის რთული იქნებოდა გარემოებების განსაზღვრა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასზე ძალადობდნენ. შესქაძლოა, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, წესის აგებასთან დაკავშირებით, დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ.

როდესაც ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება სუიციდი, ეკლესია წესის აგების გადაწყვეტილებას იღებს. ყველაფერთან ერთად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, – გარდაცვლილი მცირეწლოვანი იყო, მისთვის ისედაც რთული იქნებოდა ადეკვატურად ემოქმედა. 11 წლის ბავშვისათვის გაცილებით რთულია გარემოებების სწორად აღქმა და განსაზღვრა, ვიდრე გამოცდილების მქონე ადამიანისთვის.  ვინმემ თუ აიძულა და ის ძალადობის ქვეშ იყო, მისი თავისუფალი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა თვითმკვლელობა,” -განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბიჭს სამშაბათს დაკრძალავენ.

თერჯოლაში, 11 წლის ბავშვის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობის დასახელების შემთხვევაში, გარდაცვლილ ბიჭს მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ აუგებს.

-„ვთხოვთ საპატრიარქოს, დამეხმაროს, ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან. ბავშვი მორწმუნე იყო, შეიძლება თავი არც მოუკლავს, თუ ეს მართლა ჩაიდინა, ეს სტრესის გამო ჩაიდინა,  ვთხოვ, დაუშვით გამონაკლისი, აუგონ წესი ბავშვს,”- აცხადებს თერჯოლაში, 11 წლის ბავშვის ბებია როზა ბოგვერაძე.

ბავშვისთვის წესის აგების საკითხზე, “რუსთავი 2-თან”, თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფემ, გიორგი  შალამბერიძემ ისაუბრა:

-„თუ მოზარდმა თავი მოიკლა, წესს ვერ აუგებენ, ვერც გამონაკლისს დაუშვებენ.  ამ თემით დავინტერესდები.

არ ვიცი ამის შესახებ, ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის გამოკვლევას, ვიმსჯელებთ, ბავშვმა თუ თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში ექნება.

11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია. გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში,  ექიმის ცნობა თუ იქნება, სხვა მხრივ არა“.

კომენტარები