თვითმხილველი შატილის გზაზე მომხდარ ავარიაზე – ავარიის მიზეზი

 შატილის გზაზე მომხდარ ავარიაზე, AMBEBI.GE-სთან თვითმხილველი საუბრობს:

-„შემთხვევის ადგილზე, ხევში რომ ჩავედი, საშინელი სურათი დამხვდა. მიკროავტობუსი დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მგზავრებიდან 17 ქალია, 3 – მამაკაცი. ოციდან ერთი კანადის მოქალაქე ყოფილა, რომელიც ზუსტად არ ვიცით, საიდან მოვიდა, მათ დაემგზავრათ, თუ რა მოხდა.

მერსედესის „სპრინტერის” მიკროავტობუსი სისწრაფით მიდიოდა, შემდეგ მუშების გაჩერებულ და ცარიელ მანქანას დაეჯახა და ისიც გადააგდო ხევში.

ამ 20-დან 4 ცოცხალი ამოვიყვანეთ და ერთი მალევე გარდაიცვალა“.

-„შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 17 ადამიანი. დაშავებულია სამი მოქალაქე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ და მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინირებას.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავდა სამი მოქალაქე. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ რეჟიმში გრძელდება.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო“, – აღნიშნულია  შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები