„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა. ამის შესახებ განცხადება აქციონერებისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.
საბჭოს ახალი წევრის სტატუსით არნე ბერგრენი შეემატა. ის Bank of Cyprus-სა და Piraeus Bank-ის ბორდის წევრია.
ბერგრენი იყო ასევე: თურქეთის აქტივების მართვის კომპანიის LBT Varlik Yonetim- ისა და სლოვენიის საბანკო აქტივების მართვის კომპანიის DUBT- ის დირექტორთა საბჭოს წევრი. აქვს სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილებაც, მათ შორის, მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭო მიმდინარე წლის თებერვალში დატოვეს. რასაც წინ უძღოდა, 8 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროკურატურამ „თიბისი ბანკიდან“ დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს. ამ საქმესთან დაკავშირებით, 13 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.
ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკის მშობელ კომპანიაში – TBCBANK Group PLC -ის დირექტორთა საბჭოში თავჯდომარისა და თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებენ. რაც შეეხება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას, თავმჯდომარის თანამდებობა იურკი კოსკელოს უკავია; წევრები კი – ნიკოლოზ ენუქიძე, ნიკოლას დომინიკ ჰააგი, მარია ლუიზა ჩიკონიანი და ცირა კემულარია არიან.

კომენტარები