„თითოეულ გადამხდელს თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდება – სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს, რეფორმას არა თუ ანელებს, არამედ ყველაზე აქტიურად ახორციელებს“ – ივანე მაჭავარიანი დღგ-ის ავტომატურ დაბრუნებაზე

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და განაცხადია, სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს, რეფორმას არა თუ ანელებს, არამედ ყველაზე აქტიურად ახორციელებს.

17 ნოემბრიდან ამოქმედდა სისტემა, შედეგად დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დასაბრუნებლად აღარაა საჭირო გადასახადის გადამხდელის დასტური, – თითოეულ გადამხდელს თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდება იმ საბანკო ანგარიშზე, რაც გადაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. მნიშვნელოვანი სამუშაო გაიწია, საბოლოოდ გასწორებულიყო ბაზები, ასევე, დაიხვეწა რისკის პროგრამა, მაქსიმალურად უსაფრთხო რომ იყოს პროცესი.

2019 წელს გადასახადის გადამხდელებს ზედმეტად გადახდილი გადასახადიდან, დაუბრუნდა 614 მილიონი ლარი, 2020 წელს, დღეის მონაცემებით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, მიუხედავად საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისა, დავაბრუნეთ 811 მლნ ლარი, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 1 მილიარდ ლარამდე იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, დღევანდელი კონტექსტის, დღევანდელი საბიუჯეტო წნეხის გათვალისწინებით, რომელიც გამომდინარეობს შემოსავლების კლებიდან. ვფიქრობ, ამ სიგნალს სათანადოდ დააფასებს ჩვენი ბიზნესსექტორი, ეს საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს. ისინი უფრო თამამები იქნებიან თავიანთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ბიზნესსაქმიანობაში. ჩვენ სწორედ ამ მიზნის მიღწევა გვსურდა, რომ ყველანი უფრო მეტი ოპტიმიზმით აქტიურად შევუდგეთ იმ აღდგენის პროცესს, რომელიც 2021 წელს გველოდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ

კომენტარები