თინათინ გოცაძე: D ვიტამინი და Covid-19 პანდემია
ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში ორ სამეცნიერო გამოცემაში – Aging Clinical and Experimental Research და medRxiv, გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომელიც ორი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მეცნიერებმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩაატარეს.
მკვლევართა ორივე ჯგუფი პრაქტიკულად იდენტურ დასკვნამდე მივიდა: D ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში ზრდის როგორც SARS-Cov-2-ით დაინფიცირების რისკს, ასევე Covid-19–ის მიმდინარეობისას გართულებათა განვითარების ალბათობას, ლეტალური გამოსავლის ჩათვლით.
რაც უფრო ნაკლებია ორგანიზმში D ვიტამინი – მით მეტია კორონავირუსით დაინფიცირების რისკი
პირველი პუბლიკაციის ავტორები ასკვნიან, რომ მომატებული ავადობა Covid-19–ით და ამ დაავადებით გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობა სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, ჩრდილოეთის სახელმწიფოებთან შედარებით, განპირობებულია იმით, რომ სამხრეთის მცხოვრებლებს ორგანიზმში D ვიტამინის გაცილებით დაბალი დონე აქვთ (რადგან საკვები პროდუქტები იქ D ვიტამინით არ ფორტიფიცირდება). გარდა ამისა, იტალიისა და ესპანეთის მცხოვრებლებს, კანი შედარებით დაცული აქვთ მელანინით, მაგალითად, სკანდინავიის მცხოვრებლებთან შედარებით, ხოლო D ვიტამინის ბუნებრივი სინთეზი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით, პიგმენტირებულ კანში ბევრად დაქვეითებულია ღია ფერის კანთან შედარებით.
ისიც აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთის ქვეყნების მცხოვრებლები რეგულარულად იღებენ D ვიტამინით მდიდარ დიეტურ დანამატებს. სწორედ ამ ფაქტორებითაა განპირობებული ასეთი მაღალი ავადობა იტალიასა და ესპანეთში, შვედეთთან და ნორვეგიასთან შედარებით- აცხადებენ ექსპერტები.
D ვიტამინის ნაკლებობა ზრდის
Covid-19–ის გართულებათა რისკს
მეორე კვლევის ავტორებმა შეისწავლეს ორგანიზმში D ვიტამინის დონესა და Covid-19–ის მიმდინარეობას შორის კავშირი, გააანალიზეს რა 10 ქვეყნის მონაცემები. ამერიკელმა მეცნიერებმა გამოავლინეს შემდეგი ფაქტი – იმ ადამიანებს, რომლებსაც ორგანიზმში D ვიტამინის დაბალი შემცველობა აღენიშნებათ, მომატებული აქვთ ე.წ. ციტოკინური შტორმის რისკი. ეს უკანასკნელი არის ორგანიზმის იმუნური სისტემის ანომალურად გამძაფრებული რეაქცია ინფექციაზე. სწორედ ეს შტორმი აღენიშნებათ Covid-19–ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს. ციტოკინური შტორმი იწვევს უმძიმეს სისტემურ ანთებას ორგანიზმში, რომელიც ზოგჯერ ლეტალობით სრულდება.
არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმისა, რომ D ვიტამინი ბლოკავს (აინჰიბირებს) ფილტვებში ანთებით პროცესს, იმავდროულად აძლიერებს მწვავე რესპირატორული ინფექციების შემოტევისაგან დაცვის თანდაყოლილ მექანიზმებს ორგანიზმში, რითაც იცავს ადამიანს დასნებოვნებისაგან.
ინგლისელთა პოპულაციური კვლევა ადასტურებს დადებით კავშირს 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლსა (D ვიტამინის ფორმაა) და ფილტვის ფუნქციას შორის. მიუხედავად ამისა, მეცნიერები არ უწევენ რეკომენდაციას D ვიტამინის დიდი დოზებით მიღებას არც კორონავირუსისაგან და არც სხვა რესპირატორული ინფექციებისაგან თავდაცვის მიზნით.
მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ ყველაზე მთავარი დაბალანსებული კვება და D ვიტამინის ბუნებრივი გზით გამომუშავების ხელშეწყობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ საკვები რაციონი უნდა გაამდიდროთ D ვიტამინით გაჯერებული პროდუქტებით, ცხიმიანი თევზით, წითელი ხორცით, კვერცხის გულით, რძით, ასევე აუცილებლად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე და მიიღოთ მზის აბაზანები რეკომენდებულ საათებში D ვიტამინის ბუნებრივად გამომუშავებისათვის.
Covid-19–ის პანდემიის პირობებში მუდმივად იზოლაცია და ულტრაიისფერი სხივების დეფიციტი D ვიტამინის ნაკლებობის ძირითადი მიზეზია. ამიტომაც გაითვალისწინეთ სპეციალისტთა რეკომენდაციები, იკვებეთ ჯანსაღად და ნუ დაემალებით მზეს!
თინათინ გოცაძე