თინა ხიდაშელი: „ეს შედეგები, არ დადგება – თამარ ჟვანია რომ გადადგეს და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, პარლამენტის გადაწყვეტილება სჭირდება“

-„ოპოზიციის გადაწყვეტილების რეალიზებას სჭირდება საპარლამენტო გადაწყვეტილებები. საპარლამენტო გადაწყვეტილებების გარეშე, ეს შედეგები, არ დადგება. ამბობენ, თამარ ჟვანია უნდა წავიდეს, ეს ის მოთხოვნაა, სადაც 100%-ით სოლიდარული ვარ, იმიტომ რომ ის საარჩევნო ბუღალტერია, რომელიცვნახეთ, ადასტურებს, – ჟვანიამ როგორც მენეჯერმა ამ საქმის ვერ შესძლო თავისი ფუნქციების შესრულება… თამარ ჟვანია რომ გადადგეს და ეს მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს, ცესკოს ახალი თავმჯდომარე უნდა გაჩნდეს, ამას  პარლამენტის გადაწყვეტილება სჭირდება.

თუ პარლამენტი არ გვაქვს, მაშინ ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, შესაბამისად, გაუგებარი ხდება, როგორ უნდა დაკმაყოფილდეს პირველი რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ გვაქვს.

დღეს, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით იმ ზღვარს, როცა ეს უკვე აღარ იქნება შესაძლებელი. მეორე ტურები როგორც კი დასრულდება, უკვე დღეების ამბავია, როდესაც უფლებამოსილების ცნობა უნდა მოხდეს. დღეს მოქმედი პარლამეტნი ძალაშია და ფუნქციონალურია მხოლოდ მანამდე, სანამ ახალი პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ცესკოს ხელმძღვანელობის დანიშვნა ხომ არის ერთი საკითხი, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და ახლა რატომ არის ოპოზიციის ინტერესებში რომ ახლადარჩეულმა პარლამენტმა მიიღოს მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, რასაც ითხოვს ოპოზიცია, ეს მოთხოვნა, – ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს უფრო სამართლიანი წესებით, ნიშნავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს ხომ? „ქართულ ოცნებას“, დღეს მოქმედ პარლამენტში, იმხელა უმრავლესობა აქვს, რომლითაც საარჩევნო კოდექსში რა ცვლილებაც უნდათ, იმ ცვლილებას შეიტანს. ისევე, როგორც ორგანულ კანონებში, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს…

შემდეგ პარლამენტში, ეს შედეგები, რაც ამ წუთას გვაქვს, დარჩეს ძალაში და 30-ვე მაჟორიტარული ოლქი  რომ მოიგოს “ქართულმა ოცნებამ”, ვიღებთ „ქართული ოცნების” შემადგენლობას იმ რაოდენობით,  რომლითაც ვერც ერთ ორგანულ კანონს, ანუ კანონს, რომელსაც 2/3 სჭიდება ხმების, ხელისუფლება ვეღარ იღებს ოპოზიციის გარეშე. ეს არის მთავარი ბერკეტი, რომელიც ახალ პარლამენტში,  ამ ცვლილებების, რომელსაც ახლა ოპოზიცია ითხოვს, ამ ცვლილებების ახალ პარლამენტში გადატანა ოპოზიციის ინტერესშია, იმისათვის, რომ ისეთი ტიპის სამართლიანი წესები იყოს შემოღებული, რომელზეც დღეს ოპოზიცია საუბრობს,“ – განაცხადა  არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა „რუსთავი 2”-ის ეთერში.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნებია: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა.

აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.

აქციისას 30-მდე ადამიანი დაშავდა. აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს.

კომენტარები