თომა მოციქულის ხსენების დღეა, მისი მადლი, წყალობა და სიკეთე შეგეწიოთ. ანგელოზის დღეს გილოცავთ ყველა თომას

9 ოქტომბერს თომა მოციქულის ხსენების დღეა, მისი მადლი, წყალობა და სიკეთე შეგეწიოთ.
ანგელოზის დღეს გილოცავთ ყველა თომას.

მოციქული თომა ეს არის საოცარი მოციქული, მას თითქოს ეჭვი შეიტანა მაცხოვრის აღდგომაში და თქვა, რომ თუ არ შევეხები მის ჭრილობებს ხელებზე, ფეხებზე და არ ვიხილავ მის განგმირულ გვერდს, არ ვიწამებო.
აღდგომიდან მერვე დღეს, მას გამოეცხადა მაცხოვარი, თომა მუხლებზე დავარდა და თქვა:
„უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“.
და აი ჩვენც ვდგავართ ღვთის წინაშე და ვამბობთ:
„უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი“.
დიდება და მადლობა უფალს, რომ გვაძლევს ცხოვრებისა და მომავალი არსებობის იმედს.

წმინდა თომა მოციქულის მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

წმიდა მოციქული თომა ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, მარჩბივად წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში. სახელი “თომა” არამეულია. ბერძნულად გამოითქმის როგორც “დიდიმ”. ორივე სახელი ნიშნავს “ტყუპისცალსი ანუ მარჩბივს”.

გადმოცემით, თომა მოციქული გალილეას პენეადიდან იყო. თომა მოციქული გამოირჩეოდა სკეპტიციზმით. თომა მოციქული ქადაგებდა პალესტინასა და მესოპოტამიაში. წმინდა თომას ურწმუნო თომას სახელითაც მოიხსენიებენ, რადგანაც არ სჯეროდა ქრისტეს ხორცით აღდგომის და მოითხოვა, თავად დარწმუნებულიყო. ხელით განიხილა აღმდგარი ქრისტეს ჭრილობები და მხოლოდ მაშინ დაიჯერა ქრისტეს აღდგომა. მსგავსი რამ მოხდა, როცა 48 წელს მიიძინა ღვთისმშობელმა მარიამმა. იმ დროს თომა მოციქული სახარებას ინდოეთში ქადაგებდა. ქრისტეს ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნიდან სულიწმიდამ ზეცად აღიტაცა და გეთსიმანიის ბაღში გადმოიყვანა, სადაც ქალწული მარიამი განისვენებდა. ინდოეთში მყოფი თომაც, სხვა მოციქულთა მსგავსად, აღტაცებულ იქნა ზეცად და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის დაკრძალვას. ის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს, გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა თომასაც ენახა უკანასკნელად მარიამის ყოვლადპატიოსანი სხეული და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ როდესაც საფლავი გახსნეს, ცარიელი დახვდათ. იქ მხოლოდ ღვთისმშობლის მოსასხამი იყო დარჩენილი. ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად.

თომა მოციქული ინდოეთში აღესრულა მოწამეობრივად. ცეცხლთაყვანისმცმლებმა იგი ხუთი შუბით განგმირეს. მეფისწული აზანი და ერთი სხვა ქრისტიანი, სახელად საფორი, ქალაქიდან გამოსულიყვნენ, მოციქულის კვალდაკვალ წამოსულიყვნენ და ახლა, როცა მხედრების ხელში სასიკვდილოდ განწირულს ხედავდნენ, ცხარედ დასტიროდნენ მას. მაშინ თომამ ნებართვა სთხოვა მხედრებს ლოცვის აღსრულებისა. როცა ილოცა, სიფორს მღვდლად დაასხა ხელი, აზანს კი დიაკვნად და უანდერძა, მორწმუნეთა გამრავლებისთვის და ქრისტეს ეკლესიის განვრცობისთვის ეზრუნათ. ამის შემდეგ მხედრებმა ხუთი შუბით განგმირეს წმიდა მოციქული თომა. სიფორი და აზანი დიდხანს დასტრიალებდნენ მოძღვარს და შემდეგ დიდი პატივით დაკრძალეს მისი წმიდა სხული (მოციქულის მოწამეობრივი სიკვდილის ადგილს დღესაც უჩვენებენ კალურმინში, ექვსიოდ კილომეტრზე ქალაქ მალიპურიდან, სადაც წმიდა თომა ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ლოცვისათვის). დაკრძალვის შემდეგ ისინი დიდხანს ისხდნენ მოციქულის საფლავთან ღრმად დამწუხრებულები. წმიდა თომა გამოეცხადა მათ და უბრძანა ქალაქში დაბრუნებულიყვნენ და რწმენაში განემტკიცებინათ ძმები. ისინიც დაბრუნდნენ და, წმიდა თომას ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულნი, წარმატებით განაგებდნენ ქრისტეს ეკლესიას.

საეკლესიო მწერლების მოწმობით, თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი. ედესოში ამ წმიდა ნაწილებზე დიდებული ეკლესიაც ააგეს, სადაც შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ მლოცველები. იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518) თომა მოციქულის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლს გადაასვენეს, სადაც მის სახელზე ტაძარიც იქნა აგებული. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს (1204) უნგრეთის მეფემ ანდრია მეორემ წმიდა თომას მარჯვენა თავის სამშობლოში გადაასვენა. თომა მოციქულის თავის ქალა კი საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

კომენტარები