თორნიკე რიჟვაძე „სირცხვილის დერეფანზე“: „ძალადობრივ მოწოდებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება – ეს არის აბსოლუტურად უღირსი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება“

აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა.

-„ყველას ვაფრთხილებ, ეს დერეფანი არ დარჩეს ვიწრო და რა თქმა უნდა, ნებისმიერ ძალადობრივ მოწოდებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება გახლავთ სისხლის-სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, პოლიტიკურად ეს არის აბსოლუტურად უღირსი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ამომრჩეველს რეგიონში და თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ ვარწმუნებ, ვერავინ ვერ შეძლებს მათ ნებაზე, მათი ხმის მიცემის უფლების დაზიანებას და შესაბამისად, მათ თავისუფალ, მშვიდ გარემოში მიეცემათ ხმის მიცემის საშუალება.

„ნაცმოძრაობის“ ე.წ. ლიდერები, მათი ჩვეული ხელწერით, აგრძელებენ ქალებსა და ბავშვებს ამოფარებულები, პოლიტიკური დესტრუქციის გაგრძელებას და ძალიან მალე დადგება დრო,  მათი უკვე ჩამქრალი ვარსკვლავთბიჭუნა იქნება ერთ-ერთ რაიონში სააკაშვილის მხრიდან განათხოვრებული, ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე რეგიონში, ყველამ ვაჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ჩვენი ამ ქვეყნის მშვიდი და თავისუფალი განვითარება.

მინდა, ამომრჩევლებს ხვალ განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოვუწოდო, ყველამ ერთად ვაჩვენოთ, რამდენად ღირებულია თითოეული მოქალაქის თითოეული ხმა. რიგი ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ხალხმა მიანიჭა შესაბამისი მანდატი, რათა ისინი წარმომადგენლები იყვნენ წარმომადგენლობით ორგანოებში, რა თქმა უნდა, მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ, ასევე საპარლამენტო ცხოვრებაში.

ამომრჩევლისთვის ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს, თითოეული ხმა იყოს შესაბამისად რეალიზებული როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ უკვე გვაქვს საკმარისი მანდატები უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი პოლიტიკური და სამართლებრივი რისკი რომ არ შეექმნას“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა: „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას” მხარდამჭერი“.

კომენტარები