„თურქეთის მიმართულებით საპასუხო სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 70 დაშავდა“

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან თურქეთის მიმართულებით საპასუხო სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 70  დაშავდა.
 ამ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთმა სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ოპერაციის მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.

თურქეთის სამხედრო ავიაციამ და არტილერიამ სირიის ჩრდილოეთში 181 სამიზნე ობიექტი დაბომბა. ოპერაცია „მშვიდობიანი გაზაფხული“ ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში თურქმა სამხედროებმა უკვე დაიკავეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიზნე ობიექტი.

თურქეთის სამხედრო ქმედება უკვე დაგმო მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მთავრობამ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტვიტერზე წერს:

„თურქეთი ქურთებზე თავდასხმას დიდი ხანია გეგმავს. ისინი მთელი ცხოვრება იბრძვიან. ჩვენ არ გვყავს არცერთი სამხედრო იმ ადგილას, სადაც ოპერაცია მიმდინარეობს. ვცდილობ, დავასრულო დაუსრულებელი ომები ორივე მხარესთან საუბრით. თურქეთი ნატოს მოკავშირეა. სხვები ამბობენ, თავი შეიკავე, დაე, ქურთებმა საკუთარ ბრძოლაში თავად იბრძოლონ. მე ვამბობ, დავარტყათ თურქეთს ფინანსურად, სანქციებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი წესების მიხედვით არ ითამაშებენ. ყურადღებით ვაკვირდები“.

იტალიის მთავრობაც მოუწოდებს თურქეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს თქმით, თურქეთის მიერ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაწყებული ოპერაცია იტალიის მთავრობისთვის მიუღებელია.

„ვგმობთ ამ სამხედრო ოპერაციას, რადგან წარსულში ყველა სამხედრო ოპერაციამ უფრო მეტ ტერორიზმამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბარა.

„საერთაშორისო სამაშველო კომიტეტში“ აცხადებენ, რომ თურქეთის მიერ  დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ შესაძლოა 300 ათასი ადამიანი დევნილად აქციოს.

კომენტარები