„თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაიწყო, შესაძლოა, საქართველო  მისი უნებლიე მსხვერპლი აღმოჩნდეს“ – რობერტ ბრადტკე

„ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეერთებული შტატების ყოფილმა მომლაპარაკებელმა, რობერტ ბრადტკემ განაცხადა:

-„თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაიწყო, შესაძლოა, საქართველო  მისი უნებლიე მსხვერპლი აღმოჩნდეს. თუ ერევანმა მოსკოვს დახმარება სთხოვა, რუსეთიდან შეიარაღების და ჯარის ტრანზიტმა პოტენციურად შეიძლება საქართველოზე გაიაროს.

თუ ამ კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, საქართველოსთვის რისკები უზარმაზარია. მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება საქართველო მასში არ ჩაერიოს, თუ სომხეთმა და აზერბაიჯანმა გადაწყვიტეს კონფლიტში უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგან. ასევე მიჭირს იმის წარმოდგენა, –  რუსეთი არ ჩაერევა. სომხეთს და რუსეთს თავდაცვის შეთანხმებაზე აქვთ ხელი მოწერილი, – ყარაბაღის ტერიტორიას არ მოიცავს, რადგან რუსეთი მას აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს. შეთანხმება ასევე არ მოიცავს იმ შვიდ ტერიტორიას, რომელიც ყარაბაღს ესაზღვრება. ესეც იმიტომ,  საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ტერიტორიას სომხეთის ნაწილად არ აღიარებს. მაგრამ, რუსეთთან შეთანხმება საკუთრივ სომხეთის მთელს ტერიტორიას იცავს. ბოლო პერიოდში აზერბაიჯანი დაიმუქრა, დაარტყამს არა მთიან ყარაბაღს, არა მის გარშემო მდებარე შვიდ ტერიტორიას, არამედ სომხეთის ტერიტორიას. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სომხეთი ამ შეთანხმების საფუძველზე, მოსკოვს დახმარებას სთხოვს. ეს კი კატასტროფა იქნება.

რუსეთიდან შეიარაღების და ჯარის ტრანზიტმა პოტენციურად, შეიძლება, საქართველოზე გაიაროს. ამის შემდეგ თურქეთი იტყვის,  – თუ რუსები სომხებს ეხმარებიან, ჩვენ აზერბაიჯანს დავეხმარებით. იგივეს იტყვის, სავარაუდოდ, ირანიც. ეს კოშმარული სიტუაცია იქნება. არ ვამბობ, რომ ეს ასე მოხდება, რომ ეს გარდაუვალია. მაგრამ, კარგად ვხედავ რისკებს საქართველოსთვის. შეიძლება, მოხდეს შედარებით დაბალი ინტენსივობის ძალადობის ესკალაცია, აზერბაიჯანმა გადაწყვიტოს, დარტყმა სომხეთის ტერიტორიაზე მიიტანოს. ვერავინ გათვლის იმას, რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ. საქართველოსთვის რეგიონულ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე დიდი იქნება.

საქართველოსთვის რთულია დიპლომატიურად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

ცხადია, ქვეყანას შეუძლია მხარეებს შეახსენოს, რომ მშვიდობიანი გამოსავლისკენ იმუშაონ. საფრთხის სერიოზულობიდან გამომდინარე, საქართველომ ამ კონფლიქტს თვალი ყურადღებით უნდა ადევნოს.

საქართველოს მნიშვნელოვანი როლის თამაში გაუჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს არ არის მარტივი. საქართველო მეზობელია, საქართველო რეგიონის ქვეყანაა, მაგრამ რთული დასანახია ის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი როლის თამაში შეძლოს“.

კითხვაზე, რა იქნებოდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაზეც საქართველო უნდა დაფიქრდეს? – რობერტ ბრადტკემ განაცხადა:

-„ამის თქმა ჩემთვის რთულია, რადგან საქართველოში რამდენიმე წელია აღარ ვყოფილვარ, ყოველთვის თავს ვიკავებ ხოლმე იმაზე საუბარს, რა უნდა გააკეთოს სხვამ.

შემიძლია ვთქვა ის, რომ საქართველო შეერთებულ შტატებთან ახლო კავშირში უნდა დარჩეს, კონსულტაციები გაიაროს მინსკის ჯგუფის ამერიკელ თანათავმჯდომარესთან. ასევე, საქართველო ახლო კავშირში უნდა იყოს მის პარტნიორებთან – აზერბაიჯანში და სომხეთში, კონფლიქტს დიდი ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი, მხარეებს ნაბიჯის უკან გადადგმისკენ და მშვიდობიანი გამოსავლისკენ უნდა მოუწოდოს. პატარა ქვეყნისთვის ეს მარტივი გასაკეთებელი არ არის, თავად საქართველოს საკუთარი დიდი პრობლემები აქვს საიმისოდ, რომ თქვას, – მოდი, ახლა ამ სხვა ქვეყნებს დავეხმარებიო. საქართველო უდავოდ რთულ სიტუაციაშია“.

კომენტარები