იგორ დოლიძის ხსოვნას!

 

 

4 აპრილს საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ დაკარგა უდიდესი ექიმი, მეცნიერი და პედაგოგი- იგორ დოლიძე!

 

დღეს  მისი გარდაცვალებიდან მე-40 დღეა! ნათელში იყოს  მისი სული!

 

იგორ დოლიძე გამორჩეული აზროვნების მეცნიერი იყო, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, შინაგან სნეულებათა პროფესორი, საქართველოს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სპორტის უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ასოცირებული პროფესორი და უნივერსიტეტ “გეომედის” ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის პროფესორი.

ბატონი იგორი გახლდათ მრავალი თეორიული (პათოფიზიოლოგია, ვალეოლოგია, სამედიცინო კიბერნეტიკა) და პრაქტიკული (შინაგანი დაავადებები, ინფექციური სნეულებანი, სპორტული მედიცინა, სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია) მედიცინის ღირსეული წარმომადგენელი, 169 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 6 მონოგრაფიის ავტორი.

 

1997 წელს იგი აირჩიეს ენერგოინფორმაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად (ქ. მოსკოვი), 2004 წელს საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად (ქ. თბილისი).

 

პროფესორმა იგორ დოლიძემ თავისი ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის (სამეცნიერო, საექიმო, პედაგოგიური) ნახევარი სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციის, სამკურნალო ფიზკულტურისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ფსიქო-ფიზიკური აღზრდის პრობლემურ საკითხებს მიუძღვნა.

 

იგი მთლიანად იზიარებდა გერმანელი ექიმის, უ. ზუნდერის (1975 წ.) მიერ შემოღებული ცნების, “ჯანმრთელი ინვალიდის”, კლინიკურ და სოციალურ მნიშვნელობას, როგორც პირად, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებში. არაერთი საინტერესო ნაშრომი მიუძღვნა ამ საკითხს.

 

ბატონო იგორი იყო სტუდენტების გამორჩეულად საყვარელი პედაგოგი, ყოველთვის ყველას მიმართ კეთილგანწყობილი, საოცარი სითბოთი მოუბარი და მოღიმარი, ყველასთვის საყვარელი პროფესორი!

 

უამრავი  პუბლიკაციისა  და რეკომენდაციის ავტორს   რამდენიმე საინტერესო  შრომა  დარჩა გამოუქვეყნებელი.

 

გთავაზობთ  მეტად საყურადღებო   ამონარიდებს  მისი ჩანაწერებიდან, რომელიც ეძღვნება   ადამიანის   ჯანმრთელობის  მართვა  იდუმალებით მოცულ  ორგანიზმში:

 

 

  • დედამიწაზე  ყოველი  ადამიანი  გარკვეული  სულიერი   მისიის  შესასრულებლად  იბადება  და  მას  გააჩნია  თავისი  პირადი  განუმეორებელი  კარმა. ადამიანი  სულისა  და  სხეულის  გარდა   დაჯილდოებული  არის  ღვთიური  უნარით, რომლითაც  უახლოვდება  უფალს  და  ხდება  მასთან  გაერთიანება. ადამიანის   მიწიერი  ცხოვრება  იმისათვის  ეძლევა, რომ  ეს  ღვთიური  უნარი  გამოავლინოს  და  განავითაროს.  ადამიანი  იბადება, რათა  მან  ცხოვრებისეული  გამოცდილებით, შრომითა  და  განცდებით, მათი  მრავალფეროვნებით  შეიცნოს  საკუთარი თავი  და    ღვთიური  საწყისი, რათა  შემდგომ   აითვისოს   გარშემო  არსებული  სივრცისა   და  სამყაროს  მთლიანობის  აღქმა   იმისათვის, რომ  ადამიანი  გახდეს  უფლის  მსგავსი  და  შეერწყმოს  ღმერთს. ამისათვის  ადამიანს  ერთი  სიცოცხლეც  არ  ყოფნის და ამიტომ  იგი  თავიდან  იბადება  მანამ, სანამ  არ  მიაღწევს  სულიერ  სრულყოფას!
  • ადამიანის უკიდეგანო შინაგან სამყაროს,   როგორც მამა თეოდორე აღნიშნავს: “მხოლოდ ღმერთი ავსებს და არა ხორციელი სიამოვნებანი.“  დღევანდელ  საქართველოში ზნეობის მხრივ მძიმე მდგომარეობაა. სატელევიზიო გადაცემები (“ღამე შორენასთან”,  “სიმართლის დრო“  და  ა.შ.) ქართველ ერზე ახორციელებს ფსიქოლოგიურ და სულიერ ძალადობას, რაც  მიზეზია  მრავალი  დაავადების  წარმოშობა-გავრცელებისა.

ღმერთმა  დედამიწას  ადამიანის  სახით  სულის  უზენაესობა  დაუმკვიდრა, უფალმა  ყოველ  ცოცხალ  არსებას, რაც  იბადება, იზრდება  და  კვდება, თავისი  შესაფერისი  იდუმალი  სული  შთაბერა. „ სული, როგორც  სამი  საუკუნის  წინ  ფილოსოფოსმა  გრიგორი  სკავარადამ  აღნიშნა -არის  ის,  რაც  ბალახს  ბალახად  აქცევს, ხეს -ტყედ  და  ადამიანს  ადამიანად; სულის  გარეშე, ბალახი  თივაა, ხე – შეშა, ადამიანი  კი-გვამი!“  უფრო  ადრე, ბერძენი  ფილოსოფოსი  არისტოტელე  თვლიდა, რომ „სული  სხეულის  გამაერთიანებელი  თვისებაა, ის  ნებისმიერი  კონკრეტული  სიცოცხლის  არსია. სხეულს  უსულოდ  არსებობა  არ შეუძლია, ისევე  როგორც  სულს  არ  შეუძლია  სხეულის  გარეშე არსებობა“. კანონზომიერება ის  არის, რომ  “ყოველი ბალახის ღეროს გააჩნია დამცავი ანგელოზი, რომლის ძალა   მას  აძლევს  ბრძანების   გაცემის   საშუალებას :  „გაიზარდოს ! “ ეს ნიშნავს, რომ ბალახის ღეროს ზრდა და მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ მისი ანგელოზის ნებისყოფის გამოვლენით.

 

3) სამყაროში    ყველა  ადამიანს  გააჩნია  საკუთარი  გენეტიკური  კოდი, რომელიც მუდმივ  რეჟიმში  იმართება  ღმერთის   მიერ  შექმნილი  სულით. ეს  უკანასკნელი  კი – მართავს  ადამიანის  ორგანიზმს.   ადამიანისათვის, როგორც     ჯანმრთელობის    შენარჩუნება, ასევე დაავადების  განვითარება  უშუალოდ  დამოკიდებულია  მის  გენოტიპზე, რაც  ფაქიზი  სხეულის  ინფორმაციული  ველით  არის „კოდირებული“. თუ  ინფორმაციული ენერგეტიკული  ველი დასუსტებულია, მას შეუძლია  გენეტიკური  კოდის  შეცვლა, რაც  მიზეზი  ხდება  ქრონიკული  დაავადების  ჩამოყალიბებისა. ამ პირობებში  ნებისმიერ  ვირუსს (უპირატესად, ეს არის შიდსის, ონკო- და  ჰეპატოვირუსები)  ამა თუ, იმ  ხარისხით  შეუძლია  შეცვალოს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას  კოდი  და უჯრედს  მიაყენოს  მძლავრი „ენერგეტიკული დარტყმა“. აქ, მეტად  მნიშვნელოვანია ისიც, რომ  ყველა ნორმალური  ადამიანი  „ჩუმად  ატარებს“  რამდენიმე  პათოლოგიურ  გენს  და თუ  სიცოცხლის მანძილზე   ის   გარკვეულ პირობებში   დაწყვილდა  ასეთივე  სახეობის  პათოლოგიურ  გენთან, დაავადების  სახით  გამოვლინდება   მომავალ  თაობებში.

 

  • თანახმად თანამედროვე   მსოფლმხედველობისა, ჯანმრთელობა  უნდა  განვიხილოთ, როგორც  სხეულის   მედიცინისა  და სულის  მედიცინის  დიალექტიკური  ერთიანობა. ეს  კი,  იმას  ნიშნავს, რომ  ადამიანი  თავისთავად  წარმოადგენს,  ერთის  მხრივ- ფიზიკურ  სხეულს, მეორეს  მხრივ- გონებას, სულს, ანუ  ჩვენ  ემოციებს, გძნობებს, უპირატესად  კი  ქვეცნობიერებას.

ადამიანის   ცხოვრება  მეგაპოლისში, მის  ორგანიზმზე   დიდ გავლენას  ახდენს, რაც ხელს  უწყობს  ჯანმრთელობის  გაუარესებას. ასე მაგალითად, ავტომობილი (შესაბამისად, მისი გამონაბოლქვი), კომპიუტერი, ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, ვიდეო, ქსეროქსი, ფაქსი, პრინტერი, სკანერი, მტვერსასრუტი, მაცივარი (შესაბამისი გამოსხივებით), უამრავი საოჯახო ტექნიკა, ათასგვარი საღებავი, ლაქი და ა.შ. – ყოველივე ის, რითაც გარემოცულია თანამედროვე ადამიანი, გამოყოფს ქიმიურ  ნივთიერებებს. ყოველი მათგანი, ცალკე აღებული, მავნეა, ხოლო ყველა  ერთად- საშინელება. ეს კოქტეილი ყველა  ცოცხალი  ორგანიზმისათვის დამღუპველია. სწორედ მისი ზემოქმედების  შედეგია  მუდმვი დაღლილობის  შეგრძნება, მოთენთილობა, თავის ხშირი  ტკივილი, გაღიზიანება.

  • კაცობრიობამ ადამიანის   ორგანიზმზე   და ფსიქიკაზე  ზემოქმედებისა და  მკურნალობის  უდიდესი  გამოცდილება დააგროვა.  ამასთანავე, ადამიანის  ორგანიზმს განიხილავს, როგორც ერთ მთლიან სისტემას, რომელიც  უწყვეტ  რეჟიმში  დაკავშირებულია  ბუნებასთან, დედამიწასთან  და  კოსმოსთან. დაავადებების  უმეტესი ნაწილი  იკურნებოდა  იმ  სამკურნალო  საშუალებებით, რაც  მხოლოდ მზადდებოდა  ბალახებითა  და  ბუნებრივი   ნივთიერებებით. საქართველოს კი  გააჩნია  უმდიდრესი და  უსამართლოდ  მივიწყებული  მემკვიდრეობა, რომელიც  დაგვიტოვეს  ჩვენმა  ნიჭიერმა წინაპრებმა.

“თვალსაზრისი”  ცალკე  შემოგთავაზებთ პროფესორ იგორ დოლიძის ანალიზს როგორ ზრუნავს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პაციენტებზე.

 

თინათინ გოცაძე

 

 

 

 

 

კომენტარები