„ილია მეორე არის გამგრძელებელი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ღვაწლის, სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც თავისი თვისებებით ატარებს ამ დიდ ნიშნებს“-მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა:

-„ცხოვრებაში მთავარია, ადამიანმა იპოვოს მესია, აღიაროს იესო ქრისტე, როგორც მესია, მხსნელი და ძე ღვთისა, ემსახუროს მას სულითა და ჭეშმარიტებით, შეიცნოს უფალი იესო ქრისტე, ეს არის საუკუნო ცხოვრება და ცხოვრების აზრი. ეს არის, როგორც უფალი იესო ქრისტე ამბობს:

– გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება, მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება. ვინც იპოვის მესიას, ის პოულობს გზას, პოულობს ჭეშმარიტებას, პოულობს, ცხოვრობს. ვინც ქრისტეს გარეთ არის, ის რჩება სიცოცხლის გარეთ იმიტომ, რომ ადამიანი არის მარადიული არსება და მარადისობისთვის მოწოდებულია. იესო ქრისტეს გარეშე ამ მარადისობას ადამიანი ვერასდროს იმკვიდრებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რა არის მთავარი ცხოვრებაში.

ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს თავზეც, დღეს რამდენად შორს ვართ ისეთი განწყობისგან, – ვფიქრობდეთ და გვადარდებდეს მხოლოდ ის, რას ფიქრობს უფალი იესო ქრისტე, რას გრძნობს უფალი იესო ქრისტე, რა სურს მას, რას გვეუბნება ჩვენ, რას ითხოვს ჩვენგან. გულის სიღრმეში რომ ჩავიხედოთ, ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი? თუ უფრო მეტად ის, რომ ამქვეყნიურ კეთილმოწყობაზე ვიზრუნოთ, ალბათ, მრავალი ადამიანისთვის უფრო მეტად საზრუნავია ის, როგორ არიან მათი შვილები, შვილიშვილები, რამდენად ჯანმრთელად არიან, რამდენად გამოკვებილნი და ნასწავლნი არიან. ძალიან გავრცელებულია დღეს ეს გამოთქმა, მთავარია ჯანმრთელობა და იმაზე ვზრუნავთ კი, შვილები სულიერნი არიან თუ არა, არიან ქრისტესთან, თუ არ არიან? ამიტომ, უფალი მეტს ითხოვს ჩვენგან, ცდილობს, გვასწავლოს ეს ყველაფერი.

აი, ეს უნდა უფალს, – მოგვცეს საუკუნო სიცოცხლე და იმისთვის არ მოსულა, – ჩვენი შვილიშვილები ჯანმრთელები იყვნენ. ეს კარგია რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვუსურვებთ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, როგორც, სამწუხაროდ, ბევრისთვის არის, უფალი იესო ქრისტე გვასწავლის იმას, რაც მთავარია ამ ცხოვრებაში. ამიტომ მოვიდა, ამიტომ იწილხვედრა ღვთისმშობელმა ჩვენი ქვეყანა, ამიტომ წარმოიგზავნა ანდრია პირველწოდებული, რომ გვასწავლოს, რა არის მთავარი ამ ცხოვრებაში.

ილია მეორე არის გამგრძელებელი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ღვაწლის, სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც თავისი თვისებებით ატარებს ამ დიდ ნიშნებს.

მინდა, თქვენთან ერთად ჩვენი მილოცვა გავუგზავნოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რადგან თუ დღეს ვინმე არის გამგრძელებელი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ღვაწლის, სწორედ ის გახლავთ. სწორედ ის გახლავთ ადამიანი, რომელიც თავისი თვისებებით ატარებს ამ დიდ ნიშნებს. მისი ღვაწლის მასშტაბი, მისი ღვაწლის ნაყოფი ჭეშმარიტად არის სამოციქულო და ჩვენ დღეს ამას ვხედავთ, ვიმკით. ვმადლობთ დღეს მას, ვუსურვებთ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა ინებოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით გამთლიანდეს, გაძლიერდეს და გადარჩენილი იყოს ჩვენი ქვეყანა, ამინ“.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს.

კომენტარები