ილია მეორე: „ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის“

საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე:

ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის.

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულსმარიამობას. ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ გვაკლია რამე? ალბათ, ორივე. გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო ღვთისმშობლისა. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ, რა და როგორ უნდა ვაკეთოთ. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან.

საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი გოლგოთაზე უნდა ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის.

კიდევ ერთხელ მოგმართავთყველა ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, „მამული, ენა, სარწმუნოება“. ჩვენ დავუმატეთ მასღმერთი, სამშობლო და ადამიანი“. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ჩვენ ამისი გრძნობით, ამის შეგნებით, რომ პირველია ღმერთი, მეორე სამშობლო და მესამე ადამიანი. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. შეიგნო ქართველმა ადამიანმა, რომ დაკისრებული მძიმე ჯვარი ქართველმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ის, რომ გოლგოთის მთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის ტარება, გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა. როცა მოხდა ამაღლება, უფლის მოციქულები, როცა შეიკრიბებოდნენ ერთად და სერობას ატარებდნენ, ტოვებდნენ ერთ ცარიელ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ იმ ცარიელ ადგილზე ბრძანდებოდა უფალი იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, მოციქულები ტოვებდენ ორ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ ერთზე მაცხოვარი და მეორეზე ღვთისმშობელი დედა ბრძანდებოდა. გიხაროდეთ, ღმერთი ჩვენთანაა.

 

კომენტარები