ილია მეორე: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ განსაცდელი, ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს – შემთხვევით არ არის, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა“

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღინიშნება. 13 ივლისს ქრისტეს ყველა მოციქულის ხსენების დღეა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

პატრიარქის მიმართვის შემდეგ მოსახლეობას ასევე დღესასწაული მიულოცეს ტაძარში მყოფმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

-„შემთხვევით არ არის, რომ საქარველოში იყო ჩამოტანილი წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი და იგი აქ არის დაკრძალული. შემთხვევით არ არის, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, საქართველოში იყო ჩამოტანილი მაცხოვრის კვართი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ის განსაცდელი რომ დავძლიოთ, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა, ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს. იმედია, საქართველო, ქართველი ხალხი დაძლევს ამ განსაცდელს. მე განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ხელისუფლებას და ვთხოვ, მიულოცონ მრევლს, ხალხს ეს დღესასწაული“, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის დროს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, თუმცა კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით კი სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.

 

კომენტარები