ილონ მასკი: „კორონავირუსის ვაქცინას არ გავიკეთებ – ამის მიზეზად“

კომპანიების SpaceX და Tesla დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი და მისი ოჯახი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს, თუნდაც პრეპარატი უკვე ხელმისაწვდომი იყოს.  ამის მიზეზად თავისი შვილებისა და საკუთარი ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობას ასახელებს, მიიჩნევს, რომ COVID-19-ით მძიმედ დაავადების რისკი მათ არ ემუქრება.

ამის შესახებ  ილონ მასკმა ამერიკულ გამოცემაში The New York Times მომუშავე ჟურნალისტთან, კარა სვიშერთან საუბრისას განაცხადა.

-„COVID-19-ის პანდემიამ კაცობრიობის მიმართ რწმენა შეურყია, მას შემდეგ, რაც კორონავირუსი მსოფლიოს მოედო, ადამიანები ირაციონალურები გახდნენ. სინამდვილეში, ყველაზე სწორი ნაბიჯი არა კარანტინის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადება, არამედ რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების იზოლაციაში მოქცევაა, მანამ, სანამ სიტუაცია არ ჩაწყნარდება”, – განაცხადა ბიზნესმენმა.

ილონ მასკმა  მიმდინარე წლის მარტში თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი, – პანდემიის გამო ატეხილი პანიკა „სიჩლუნგედ” მოიხსენია. ბიზნესმენის სიტყვებმა საზოგადოების ნაწილის მოწონება დაიმსახურა.

მისი მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ სამედიცინო განათლების არმქონე მასკმა ამგვარი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს.

აშშ-ში მიმდინარე წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე უარს ყოველი ხუთიდან ერთი ამერიკელი ამბობს. ქვეყნის მოქალაქეთა ნახევარი დარწმუნებულია, რომ მას აუცილებლად გაიკეთებს, გამოკითხულთა 31 პროცენტს  ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს. ამის მიზეზად მათ, ერთის მხრივ, პრეპარატის გვერდით ეფექტები და, მეორეს მხრივ, ინიექციის შედეგად ინფიცირების შიში დაასახელეს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი დაწესებულება მუშაობს.

რუსეთში COVID-19-ის “მსოფლიოში პირველი” ვაქცინა Sputnik V მისი კლინიკური ტესტირების მესამე ფაზის დასრულებამდე დაარეგისტრირეს.

კომენტარები