„იმედია, უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლე მოუსწრაფა – არავითარი გაგნიძე და სხვა გვარები” – თეა წულუკიანი

-„ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო დღეებში გეტყვით. პასუხის პირველი ნაწილი დღესაც შეიძლება თქვენს წინაშე გაჟღერდეს. არავითარი გაგნიძე და სხვა გვარები, რომლებიც ნახსენებია, არ მონაწილეობდნენ ჩემს საარჩევნო კამპანიაში. ეს არის ერთი კაცის გამოგონილი ტყუილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს,  არამც თუ მკაცრად, არამედ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა შაქარაშვილის ასე ვერაგულად და დაუნდობლად სიცოცხლის მოსწრაფებაში. გამოძიებას ვენდობი. პენიტენციური სამსახური, სადაც მოცემული პირები ბრალდებულების სტატუსით არიან განთავსებულნი, ყველა პირობას უქმნის გამოძიებას, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს, სწრაფად დადგინდეს ჭეშმარიტება. რაც შეეხეება ბრალდებას, მაქვს ჩემი პასუხი, თუმცა ეს ისეთი პასუხია, ომ იმ ძალიან ლამაზ კანონს გადაფარავს, რომელიც დღეს არის მთავარი თემა ჩვენთვის. შემდგომი დისკუსიისთვის შეგვიძლია შემოვინახოთ“.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებულია 17 პირი.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია,  რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. ექსპერტიზის თანახმად,  გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

ისინი ბრალს არ აღიარებენ.

კომენტარები