იმერეთის მხარეში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ახალი რაიონული შენობა გაიხსნა

იმერეთის მხარეში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ახალი რაიონული შენობა გაიხსნა. თერჯოლის, წყალტუბოსა და ვანის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

ადმინისტრაციული შენობები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

ამ დრომდე, თერჯოლის, წყალტუბოსა და ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი ძველ შენობებში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

კომენტარები