„ინტენსიურ რეჟიმში არის მსჯელობა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეროვნული გამოცდები“ – პაატა იმნაძე

-„ინტენსიურ რეჟიმში არის მსჯელობა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეროვნული გამოცდები. განათლების სამინისტროში შექმნილია სპეციალური საბჭო. პირადად, მე გახლავართ იმ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება.  მაქსიმალურად, ყველანაირად დაცულად ჩატარდება. სწავლის პროცესთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, თუ რა, როგორ, რანაირად უნდა გაკეთდეს. ყველაფერი ეს ცნობილი იქნება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“-  განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. 

2020 წლის 30 აპრილს დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ცვლილება არ განიხილება.

ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება. მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები.

საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის.

 

კომენტარები