ირაკლი კობახიძე: „არ გამოვრიცხავ, ოპოზიციონერი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყარონ“

-„პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს.  პარლამენტს შეუძლია, კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას.

არ გამოვრიცხავ, მმართველმა გუნდმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მე-10 მოწვევის პარლამენტში არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერთან“.

კითხვაზე, არის თუ არ მზად „ქართული ოცნება“, ოთხი წელი მარტო დარჩეს პარლამენტში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

-„ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება. ეს შანტაჟის ერთგვარი ფორმაა. ნებისმიერ ქვეყანაში, შეიძლება, ოპოზიციამ არჩევნები წააგოს, თქვას, – არ შევდივარ, მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს კონსტიტუციაც შეიცავს. კონსტიტუცია ჭკვიანი ხალხის მიერ არის დაწერილი. ამაში იგულისხმება, – პარლამენტის და მისი უმრავლესობის ხელშია ერთპარტიულს დატოვებს თუ არა პარლამენტს. შესაბამისად, შეიძლება მარტივად პარლამენტმა გააკეთოს ის, რომ მოლაპარაკების სივრცე გახსნას შემდგომი 4 წლითაც კი. ეს არის კონსტიტუციაში ჩადებული მექანიზმი შანტაჟის წინააღმდეგ. პროცედურები ისეა გაწერილი, პარლამენტის ნების გარეშე ამ შანტაჟს ვერავინ ვერ განახორციელებს. თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ანუ, ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეთ შესაბამის დეპუტატებს, 150-ვე დეპუტატი ითვლება დეპუტატად, მას შემდეგ, რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი, ანუ უმრავლესობა დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას. ამის შემდეგ, თითოეულ მათგანს შეუძლია, რა თქმა უნდა, დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა მათ პარლამენტს. ეს არის შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი. პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები