ირაკლი კობახიძე – არ ვიცი, წამოცდენა იყო, თუ რა, მაგრამ სააკაშვილს თურმე დავით გარეჯთან დაკავშირებით 70-80 მილიონი აქვს აღებული

ჩვენ საერთოდ არ ვერევით ამ საკითხში, ერთადერთი ჩვენი მოწოდება არის, მაქსიმალურად დაიდოს ყველა მონაცემი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კობახიძე გამოეხმაურა დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის გუშინდელ განცხადებას.

მისივე თქმით, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და თემა მგრძნობიარეა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია. ირაკლი კობახიძის განმარტებით,  საკითხის პოლიტიზება არ შეიძლება.

„ბუნებრივია, არ შეიძლება ამ საკითხის მეტი პოლიტიზირება, მით უმეტეს, რომ საკითხი არის მგრძნობიარე. მაგრამ ამ ფონზე, თქვენ ნახეთ, რომ გუშინ თვითონ მათ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა – სააკაშვილმა, გვარამიამ და სხვებმა, თავად სცადეს ამ საკითხის პოლიტიზება. სააკაშვილმა მათ შორის, ეს წამოცდენა იყო, თუ რა იყო, რომ 70-80 მილიონი აქვს თურმე აღებული ამ საქმეში. არ ვიცი, ბუნებრივია, ამან დამატებით გააღრმავა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იქ შეიძლება, მართლა რამე ძალიან მძიმე იყოს. ვნახოთ, დაველოდოთ გამოძიებას. ამ საკითხის პოლიტიზება არ არის სწორი, ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. დაველოდოთ გამოძიებას და მოვუწოდოთ გამოძიებას, რაც შეიძლება მალე გაასაჯაროვონ ამ საქმის დეტალები.

რაც შეეხება დემარკაცია-დელიმიტაციას, ეს არის გაკეთებული საზღვრის არაერთ მონაკვეთზე. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, რაზე არის საუბარი. შესაძლოა, საუბარია საზღვრის კონკრეტული მონაკვეთების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, რაშიც შეიძლება იკვეთებოდეს კანონდარღვევის ნიშნები, მათ შორის მძიმე კანონდარღვევის ნიშნები. თუმცა მე ამაზე ინფორმაცია არ მაწვს, დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები