ირაკლი კობახიძე: „ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი – რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. დაგვიკავშირდა ქალბატონი თინა ბოკუჩავა“

„რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, რაზეც აქციაზე გაკეთდა განცხადება, პირდაპირ უნდა ითქვას, – ნიკანორ მელიამ ტყუილი თქვა, ზოგადად, მას ეს ახასიათებს, რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, – ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშირდა, – მე და არჩილ თალაკვაძეს, ქალბატონი თინა ბოკუჩავა. ვუპასუხეთ, ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან გვთხოვა შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით. განგვიმარტა ასევე სავარაუდო ფორმატი ამ შეხვედრის, ჩვენ ვუპასუხეთ შემდეგი, – ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ პოზიციას“, – განაცხადა  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ  პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ცესკოს შენობასთან, დამატებითი რკინის კონსტრუქციები განათავსეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე დანგრეულია ღობეები, შენობის წინ დიდი რაოდენობით ქვები და წყლის ბოთლები ყრია.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნებია: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.

აქციისას 30-მდე ადამიანი დაშავდა. აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს.

კომენტარები