„ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პირდაპირ ეთერში 20 ივნისის მოვლენების შესახებ გაკეთებული განცხადება აღიარებითი ჩვენებაა. მან და სხვა პოლიტიკოსებმა 20 ივნისის აქცია“ – ანრი ოხანაშვილი

-„ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პირდაპირ ეთერში 20 ივნისის მოვლენების შესახებ გაკეთებული განცხადება აღიარებითი ჩვენებაა. მან და სხვა პოლიტიკოსებმა 20 ივნისის აქცია გამოიყენეს არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ -დანაშაულებრივი ქმედებისა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის.

ყველაზე მძიმე და სკანდალური ამ ყველაფერში არის იმის პირდაპირ აღიარება და დადასტურება პირდაპირ ეთერში, რომ ამ ადამიანებმა და პირადად მან ეს აქცია გამოიყენეს არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ – დანაშაულებრივი ქმედებისა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის. მათ სახელმწიფო დააყენეს ფაქტის წინაშე, რომ მომხდარიყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება, შედეგად შექმნილიყო პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ეს არის პრაქტიკულად აღიარება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ჩამოყალიბება, აღწერა, თუ რა განახორციელეს, რა ჰქონდათ დაგეგმილი, როგორ ბოროტად გამოიყენეს ხალხი დანაშაულებრივი მიზნების სისრულეში მოსაყვანად. ამ ყველაფერს საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად შესაბამის პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს. შესაბამისად, ამ ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჩვენი საზოგადოების მხრიდან კიდევ დიდხანს იქნება კანონიერ ძალაში შესული და შენარჩუნებული,“– განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

-„ვთვლი, რომ 20 ივნისის ღამე, გავრილოვის ღამე იყო გარდამტეხი. წელში გამტეხი მომენტი ასევე ივანიშვილისთვის. საერთოდ, იქიდან დაიწყო ყველაფერი, მისი დაღმასვლა. მან დაუშვა კატასტროფული შეცდომა. ერთ რამეს ვიტყვი, ყოველგვარი რაღაც ტრაბახისა და დაკნინების გარეშე, რომ ეს შეცდომა, კარგი გაგებით, ჩვენ მას დავაშვებინეთ. მან გაისროლა, ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო, რომ მან გაისროლა“, – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, „ღამის მთავარის” ეთერში

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ირაკლი ოქრუაშვილს შეახსენა, რომ „ეს გასროლა” რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა, ზოგი სიკვდილის საფრთხის წინაშეც იდგა. „დავაშვებინეთ შეცდომა“, შეიძლება სხვანაირად ინტერპრეტირდეს.

ირაკლი ოქრუაშვილმა უპასუხა:

„კი, რა თქმა უნდა, ეს არის უპატიებელი. ის შეცდომა, რომელიც სწორად იქნა შეფასებული საზოგადოების  მხრიდან. დავაშვებინეთ შეცდომა, – მე არ ვგულისხმობ პოლიტიკოსების ქმედებას. საზოგადოების ქმედება მთლიანად, ის, რომ მას არ მივეცით საშუალება, ამ ადამიანის წითელი ხალიჩით მიღება მოეწყო პარლამენტში და ჩვენ რაღაც ჩვენი პროტესტის გამოსახატავად მივედით, ამას ვგულისხმობ, რომ დავაშვებინეთ შეცდომა.

მას უნდოდა, რომ ზოგადად ესიამოვნებინა რუსეთისთვის, ეჩვენებინა, რომ რადიკალები დავსაჯეთ, თან იმავდროულად მართლა უნდოდა დასჯა გასროლის შედეგად, ახალგაზრდების, რომლებსაც, შეიძლება, ხვალ იგივე გაემეორებინათ, იგივე პროტესტი გამოეთქვათ, მაგრამ მან ვერ გათვალა ჩვენი ხალხის ხასიათი. ჩვენი ხალხი ასეთი ტიპის მორჩილებას არ არის მიჩვეული“.

კომენტარები