ირაკლი სესიაშვილი – გასაკვირია, როცა ჩვენს ოპონენტებს არ უხარიათ იმ დოკუმენტის არსებობა, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების სამართლიანად დაცვა შეგვიძლია

გაოგნებული ვარ იმ ფაქტით, რომ 1938 წლის რუკა, რომლითაც უნდა გაგვემყარებინა ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, თურმე არსებობდა მაშინ, როდესაც ყველას გვარწმუნებდნენ რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობდა და ამიტომ ჩვენ ვიყავით წამგებიან პოზიციაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აზერბაიჯანი არის საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა და საერთო ინტერესია, რომ საკითხი გადაწყდეს საერთაშორისო შეთანხმებისა და სამართლის მიხედვით.

„იქ, სადაც არის ეროვნული ინტერესები, ძალიან მიკვირს ოპოზიციის ის როლი, როცა აპრიორი თავდაცვაში და კრიტიკის ფორმატში არიან ჩამსხდრები. ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებზე. ფაქტები კი არის ის, რომ 2006 წლის შეთანხმებით ფაქტობრივად ძალიან სერიოზულად ზიანდებოდა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. როგორც პროკურატურას მოვუსმინეთ, 3 500 ჰექტრის უსამართლოდ განაწილება ხდებოდა.

აზერბაიჯანი არის ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა. აქ საერთო ინტერესი არის, რომ საკითხი გადაწყდეს საერთაშორისო შეთანხმებისა და სამართლის მიხედვით, სამართლიანად, რისი დათმობის ფაქტები არის ამ წინასწარი შეთანხმების ფორმატში. გასაკვირია, როცა ჩვენს ოპონენტებს არ უხარიათ იმ დოკუმენტის არსებობა, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების სამართლიანად დაცვა შეგვიძლია. გაოგნებული ვარ იმ ფაქტით, რომ 1938 წლის რუკა, რომლითაც უნდა გაგვემყარებინა ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, თურმე არსებობდა მაშინ, როდესაც ყველას გვარწმუნებდნენ, რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობდა და ამიტომ ჩვენ ვიყავით წამგებიან პოზიციაში. თურმე არსებობდა, ინახებოდა თუ დამალული იყო, თუ რაღაც მიზეზით არ ხდებოდა ამის გამოჩენა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოების ინტერესია, რომ სამართლიანად მოხდეს საზღვრის დემარკაცია.

„ვფიქრობ, საზოგადოებისთვის მთავარი არის, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები, სამართლიანად მოხდეს საზღვრის დემარკაცია, ასევე დავიცვათ ჩვენთვის მგრძნობიარე საკითხები; ამ შემთხვევაში გარეჯზე მაქვს საუბარი. ის ჩვენთვის, ყველაფერთან ერთად არის კულტურული მემკვიდრეობა და სულიერი სიწმინდე. ფაქტი არის, რომ ის ხვდება საერთაშორისო შეთანხმებით საქართველოს საზღვრებში, თუმცა წინასწარი შეთანხმებით და ასევე იმ განცხადებებით, რომელსაც აკეთებდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ღიად ამბობდნენ და ოფიციალურ წერილებში აფიქსირებდნენ, რომ თურმე გარეჯი არ არის საქართველოს ნაწილი, დღეს ამ პოლიტიკური ძალის მემკვიდრეები კრიტიკას მიმართავენ. უბრალოდ ვერ ვხვდები, სად არიან და რა უნდათ. მგონი, უბრალოდ თავდაცვის ზომები აქვთ მისაღები და ალბათ ესეც გაირკვევა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები