ირაკლი უტიაშვილი: ხალხს აძალებენ ვაქცინას, რომლის შემადგენლობის თუ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია არის ბუნდოვანი და გასაიდუმლოებული!

 

 

„კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესები წინასწარ იყო დაგეგმილი, ხოლო  ვაქცინები, რომელსაც მოსახლეობას ვითომცდა, პანდემიის  აღმოფხვრის მიზნით სთავაზობენ, – არ არის სანდო!“ – მიაჩნია საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, უფლებადამცველსა და ადვოკატს, ირაკლი უტიაშვილს:

– თავგამოდებით ცდილობენ ჩვენს დარწმუნებას, რომ კორონავირუსი არის ბუნებრივი წარმოშობის და ბუნებრივი გადაცემის გზით მოულოდნელად გავრცელდა მსოფლიოში, რის გამოც დაწესებული რეგულაციები ემსახურება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ნორმალური ცხოვრების პირობებში დაბრუნებისათვის ერთადერთი გზა საყოველთაო ვაქცინაციაზე გადის. საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროში არსებული ურთიერთობები წესრიგდება ნორმატიული აქტებით, სწორედ კანონისმიერი ჩანაწერები ანიჭებენ ადამიანებს უფლებებს და აწესებენ მოვალეობებს, ბუნებრივია, ჯანდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობების რეგულაციაც ამგვარი სახით ხდება.

გასული წლის მაისის ბოლოდან, როდესაც გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა, შეზღუდვითი რეგულაციების ძალაში დატოვება გახდა უკანონო!

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ შეზღუდვების რეგულაცია გაგრძელდა ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, რომელშიც პანდემიიის დაწყებამდე შესული ცვლილებები აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ მზადება დაწყებული იყო რამდენიმე წლით ადრე, ანუ  მანამდე ვიდრე კორონავირუსის არსებობას საერთოდ ვინმე გაიგებდა!

 – რა გაძლევთ ასეთი დასკვნის საფუძველს?

– 2018 წლის 27 ივნისს და ამავე წლის 22 დეკემბერს, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც პირდაპირ გაიწერა ეპიდემიის ან/და პანდემიის დროს როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის მართვა და სწორედ მართვის ასეთი ღონისძიებებია დაწესებული დღეისათვის! ცვლილებები შემდგომშიც, 2019 წლის 2 აპრილსაც შევიდა. კერძოდ, გაიწერა, რომ ეპიდემია და პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რის გამოც, მისი მართვისათვის შესაძლებელია დაწესდეს შეზღუდვები.  დამეთანხმებით, რომ 2018 წელს წესით, არავის არ უნდა სცოდნოდა, რომ პლანეტას თავს კოვიდპანდემია დაატყდებოდა.

 – სამართლებრივი თვალსაზრისით რა გარემოებები და ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინა არასანდოა?

– ზოგადად, ვაქცინის წინააღმდეგი არ გახლავართ, ჩემთვის გასაგებია, რომ ვირუსებთან ბრძოლის ყველაზე მძლავრი იარაღი ვაქცინაა, მაგრამ კორონავირუსის (COVID-19) ვაქცინის შემოტანისა თუ გამოყენების სამართლებრივი რეგულაცია რადიკალურად განსხვავდება აქამდე სხვა ნებისმიერი იმ ვაქცინების შემოტანის რეგულაციებისაგან, რომლებიც ათეულობით წლებია შემოდის საქართველოში.

საქმე იმაშია, რომ 2021 წლის 28 იანვარს,  პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულად ამ კორონავირუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის ვაქცინის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანისთვის (ადამიანის ჯანმრთელობა თუ სიცოცხლე) პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ვაქცინის ან პრეპარატის მწარმოებელი კომპანია და პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს სახელმწიფო. ეს, რა თქმა უნდა, აჩენს ეჭვს,  რატომ მაინცდამაინც კორონავირუსის ვაქცინის გამო იხსნის ვაქცინის  მწარმოებელი პასუხისმგებლობას. მანამდე არსებულ ვაქცინებთან დაკავშირებით კანონისმიერი ცვლილების განხორციელების საჭიროება რატომ არ დამდგარა დღის წესრიგში?

გაეროს საპარლამენტო ასამბლეამ 2021 წლის 27 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის ერთერთი ქვეპუნქტის თანახმად, ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან ხელშეკრულება საზოგადოებისათვის გამჭვირვალე უნდა იყოს, აგრეთვე საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ.  რომც არ მიეღო გაეროს  ეს რეზოლუცია,  საერთაშორისო თუ ადგილობრივი კანონმდებლობა ისედაც ავალდებულებს სახელმწიფოს თუ სამედიცინო დაწესებულებას, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევისას, რადგან ვაქცინაცია სამედიცინო მომსახურებაა – მოახდინოს პაციენტის ინფორმირება შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ! ხოლო პაციენტს, შეუძლია, გართულებათა თუნდაც დაბალი ალბათობის მიუხედავად უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზე!

 – დღეს ხშირად გვესმის, რომ ინფორმაცია ვაქცინის შესახებ გასაიდუმლოებულია…

– ნამდვილად ასეა! აღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ასლი, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა ხელშეკრულების ასლის გადმოცემაზე, იმ მოტივით, რომ ინფორმაცია არის კონფიდენციალური, ანუ,  მწარმოებელი კომპანიის კომერციული საიდუმლოება.

ფაქტია, რომ ხალხს აძალებენ ვაქცინას, რომლის შემადგენლობის თუ გევრდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია არის ბუნდოვანი და გასაიდუმლოებული!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

 

 

 

კომენტარები