ირაკლი ღარიბაშვილი:„ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, თითო სანტიმეტრ მიწას, ჩვენ რა გვჭირს? – რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ“

-„ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან.  მჯერა, -ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებებს, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებასა და საერთო ენის გამონახვას. ჩვენ ეს არ გაგვიჭირდება. ის სიცრუის პროპაგანდა, რომელიც ამ საქმესთან მიმართებაში აწარმოეს, რა თქმა უნდა, არის თვალსაჩინო, კლასიკური მაგალითი, რომ, თურმე დავით გარეჯის საქმე არის მოგონილი საქმე. ამ დროს თავად შემსრულებლებმა აღიარეს, – თურმე, ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც არის პირდაპირი ღალატი, აბა რა არის?

რომელი სახელმწიფო, რომელი თავმოყვარე ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას? ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ, თითო სანტიმეტრ მიწას. ჩვენ რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს? ასე გაგრძელება არ შეიძლება, მეგობრებო. ეს უნდა დასრულდეს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, – აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ალბათ აზერბაიჯანში შედგება.

ეს საქმე არის სააკაშვილის მიერ ღალატისა და სახელმწიფო ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების თვალსაჩინო მაგალითი. აზერბაიჯანი არის საქართველოს ძალიან ახლო მეგობარი, პრემიერ-მინისტრობის რანგში  ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ ბაქოში განხორციელდება. იმედს გამოვათქვამ,  რომ ორი მეგობარი ქვეყანა ამ საკითხიდან გამოსავლის მოძებნას შეძლებს“, –  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.

კომენტარები