ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების თანამშრომლებს დაემშვიდობა- „ჩემთვის ძალიან საამაყო და დიდი პატივი იყო მემსახურა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების თანამშრომლებს დაემშვიდობა.

-„ჩემთვის ძალიან საამაყო და დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთვის, ჩვენი ჯარისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენს სამშობლოს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჯარი. გპირდებით, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავძლიერდეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის გაცილების ცერემონიას თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი მინისტრობის პერიოდში თავდაცვის უწყებაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა: შემუშავდა თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი 10-წლიანი გეგმა; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას; განვითარდა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და მინისტრის ინიციატივით, მალე საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული და მოდერნიზებული საავიაციო პარკი ექნება; განვითარდა სამხედრო მრეწველობა; მოძველებული ტექნიკა უახლესი ბრენდების ტექნიკით ჩანაცვლდა; განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები – 60 ლოკაციაზე 250-მდე სამხედრო ობიექტს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და გარემონტდა; სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფის მიზნით, გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების ეკიპირება და თავდაცვის ძალები აღიჭურვა ნატოს სტანდარტის უმაღლესი ხარისხის ფორმებით და ფეხსაცმლით; გაუმჯობესდა კვების რაციონი და ჯანმრთელობის დაცვის პირობები“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ახალ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 22 თებერვალს დაამტკიცა.

კომენტარები