ირაკლი ღარიბაშვილი: „მთავრობის და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს კეთილგონივრული გადაწყვეტილებებით და შეთანხმებით დავით გარეჯის სადავო ნაწილებს შემოვიერთებთ –  ქართული მხარე განსაკუთრებულს, ზედმეტს არ ითხოვს მოძმე ხალხისგან“

-„უცხო ქვეყანა, ამ შემთხვევაში ვთქვათ რუსეთი, რა შემთხვევაში და რა ფორმით შეიძლება იყოს დაინტერესებული ორ მეზობელ და მეგობარ, ძალიან მჭიდროდ გადაჯაჭვულ სახელმწიფოებს შორის განხეთქილებით? ჩვენ, აზერბაიჯანი და საქართველო ურთიერთდამოკიდებული სახელმწიფოები ვართ.  სტრატეგიული ურთიერთობა და მეგობრობა გვაქვს. რა შემთხვევაში შეიძლება გამოეწვია ამ ურთიერთობებს შორის რაიმე დიდი განხეთქილება? შესაძლოა, ერთ-ერთი საკითხი ყოფილიყო სწორედ ის, რაც სააკაშვილმა, მისმა მთავრობამ ჩაიდინა. ანუ, ჩვენი სიწმინდის – დავით გარეჯის ნაწილი შეუთანხმეს, აღმოჩნდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ 2007 წელს. მე კითხვას ვსვამ: – ეს არის შეგნებული, გააზრებული პროვოკაცია სააკაშვილის და მისი მთავრობის მიერ ჩადენილი? მაშინ ემთხვევა თუ არა რუსეთის ინტერესები?! მე ასე მიმაჩნია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიკმედ ჰაჯიევმა განაცხადა,  რომ საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრები არიან, აზერბაიჯანული მხარე მზად არის დიალოგისთვის.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ აბსოლუტურად კონსტრუქციულად არის განწყობილი აზერბაიჯანული მხარე. უფრო მეტიც, ჩვენი კარტოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი ხორბალაძე, რომელიც კომისიის სხდომას ესწრებოდა, მიყვება ასეთ ისტორიას – „ჩვენ აზერბაიჯანელებთან კომისიის სხდომაზე როცა ვიყავით და როცა დავაყენეთ ამ რუკის საკითხი, რატომ არ მივყვებით ამ ჩვენი პრეზიდენტების შეთანხმებას, რატომ ვარღვევთ, აზერბაიჯანელები დარჩნენ გაკვირვებულები, საერთოდ პირველად გვესმის თქვენგან. თქვენი ინიციატივით ხდებოდა იმ რუკებით შეთანხმება სახელმწიფო საზღვრების“. აქედან გამომდინარე ყველაფერი ცხადია – ეს არის რუსული ინტერესი. მჯერა, უფლის დახმარებით, ჩვენი მთავრობის და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს კეთილგონივრული გადაწყვეტილებებით და შეთანხმებით, დავით გარეჯის ამ სადავო ნაწილებს შემოვიერთებთ. ეს მოხდება და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კიდევ უფრო გაამყარებს სამუდამოდ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობას.

ქართული მხარე განსაკუთრებულს, ზედმეტს არ ითხოვს მოძმე ხალხისგან, მეგობარი სახელმწიფოსგან. ხელისუფლება მიყვება იმ შეთანხმებას, რომელიც საქარველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიდო.

ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი, არგუმენტი და მტკიცებულებები, რომელიც ამყარებს ქართული მხარის პოზიციებს ჩვენს მეგობრებთან ამ მოლაპარაკებებში. კიდევ ვიმეორებ, – სხვა არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს რუკა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მხოლოდ ამ რუკას გამოვიყენებთო. სხვა რუკაზე არ ყოფილა საუბარი, ბუნებაში. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საერთაშორისო წესების მიხედვით რაც არის მსოფლიოში დადგენილი, როცა ასეთი რაღაც ხდება და ის შეთანხმება შედგება, ის უნდა შესრულდეს. მე მაქვს მყარი საფუძველი იმისა, რომ ვთქვა, დასრულდება ძალიან პოზიტიურად ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად“, –  განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული არხის“ გადაცემაში „უცნობის კიდობანი“.

კომენტარები