ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ შეხვედრებს დღეს კიევში გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე კიევშია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსეი რეზნიკოვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილ ბოდნარი დახვდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიევში ლვოვიდან ჩაფრინდა, სადაც მას გუშინ უკრაინელმა კოლეგამ დენის შმიგალმა უმასპინძლა.

ოფიციალური შეხვედრები დღეს კიევში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, ასევე გაიმართება მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან.

მთავრობის მეთაური 23 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

 

წყარო: “interpressnews.ge”.

კომენტარები