ირაკლი ღარიბაშვილი: „ყოველთვის მჯეროდა, რომ კოჰაბიტაცია ამ მტრულ ძალასთან იყო შეცდომა“
„ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუკზე, აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს:
„ყოველთვის მჯეროდა, რომ კოჰაბიტაცია ამ მტრულ ძალასთან იყო შეცდომა და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს!
ოკუპაციას ჰყავს ავტორი და ეს ავტორი იდენტიფიცირებულია – რუსეთი ოკუპანტია და ეს აღიარებულია მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მაგრამ ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ოკუპაცია – ეს ძალა არის ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელთა მოღალატეობრივმა და მავნებლურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია.
რაც ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მილიონ სამასი ათას ქართველს, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უარი უთხრა მის მოღალატეობრივ და მავნებლურ მმართველობას, მან პუტინის ზრახვების განმახორციელებელი, მისი მხარდამჭერები უწოდა და ძალადობაზე ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება რუსულ სპეცოპერაციად მოიხსენია. ყოველთვის მჯეროდა, რომ კოჰაბიტაცია ამ მტრულ ძალასთან იყო შეცდომა და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს! დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამაში!
ვიდრე ეს მტრული და მოღალატეობრივი ძალა, სიმსივნური უჯრედივით არ ამოიკვეთება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური სხეულიდან, დეოკუპაციის გზაზე წარმატებას ვერ მივაღწევთ, რადგან საგარეო ფრონტზე გამარჯვებას ჯერ შიდა მტრის საბოლოოდ დამარცხება სჭირდება!”