ირაკლი ხიჩაკაზე: ტიტულებს თავი დაანებეთ და ხალხს, ეკლესიას და სულიერებას მიხედეთ
– “რამდენი რამის თქმა მინდა ახლა ჩვენს უპატრონო ქვეყანაზე, უპატრონო ეკლესიაზე თუ საზოგადოებაზე. როგორ მინდა რასაც ვფიქრობ ამ სულგაყიდულ, ანაფორიან, წვერებიან არსებებზე ის დავწერო, მაგრამ რა ვქნა რომ სინდისი არ მიშვებს. ვიცი ზოგს არ ესიამოვნება ასე რომ მოვიხსენიებ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, თუმცა ახლა მე მკითხეთ თუ მსიამოვნებს ამ ფარისეველი სუსტი ნებისყოფის “მეუფეების” ერთმანეთის ლანძღვა- გინება, დადანაშაულება უარგუმენტოდ, “კაჩაობა” და “რაზბორკაზე” გასვლები. ესენი არიან ქრისტეს რჩეულები? ესენი არიან მეუფეები? ესენი არიან მოძღვრბი? ამათმა რა უნდა მესაუბრონ ღმერთსა და სარწმუნოებაზე. მადლობა უფალს მხოლოდ საერო განათლებით არ შემოვიფარგლე და სასულიერო განათლებაც მივიღე, თორემ ამათ იმედად ხომ დავრჩებოდი უღმერთო!… რაღას ვიწამებდი?!… ჰო… ასეა, სანამ სასულიერო სემინარიაში ჩავაბარებდი მღვდელი ღმერთი მეგონა, მისი სიტყვა ღვთის სიტყვა და მისი სხეული სპეტაკი. მადლობა კიდევ ერთხელ უფალს ასე რომ არ გამწირა და ჩემი მცირე შემეცნებით მასწავლა სარწმუნოების და ზოგადად თეოლოგიის ანა-ბანა, ბრწყინვალედ არა, მაგრამ იმ დონეზე მაინც, რომ გამერჩია ვინ არის “მწყემსი კეთილი” და რა ფუნქცია აქვს მას.
რას დაამსგავსეს ეკლესია, რას დაამსგავსეს ზოგადად სარწმუნოება! არა… ხვდებით რა ხდება ხალხო? ამ ეტაპზე სულ არ მაინტერესებს სახელმწიფოს ინტერესები საპატრიარქოზე და ზოგადად პატრიარქზე. აქ გვაქვს საქმე ეკლესიის კრებსითობის ჩამონგრევაზე, დაშლასა და განადგურებაზე. ვიღას ახსოვს მსახურება, ვიღას ახსოვს მოძღვრება, ვიღას ახსოვს წირვა-ლოცვის ჩატარება – მხოლოდ ტიტული, თანამდებობა და ფული… აი სად მივედით!… აი სად ვართ!… აქ მთავრდება “წილხვედრილობის” დიდი პასუხისმგებლობა.
ტიტულებს თავი დაანებეთ და ხალხს, ეკლესიას და სულიერებას მიხედეთ, იქნებ უფალმა არ გაგვწიროს და ესეც გვაპატიოს!” – წერს საინფორმაციო სააგენტოს ” ალუვიონის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ირალი ხიჩაკაძე