ირმა ნადირაშვილი: „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თბილისელებისთვის არაფერი გაუმჯობესებულა“

-„სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თბილისელებისთვის არაფერი გაუმჯობესებულა.

ერთადერთი ის შეიცვალა, რომ ამ ბიზნესით უკვე „სითი პარკის“ ნაცვლად კალაძე და მისი გარემოცვა სარგებლობდა.

მერიამ გადასახადების გადამხდელთა ფული გადაიხადა პირგასამტეხლოდ, ანუ 12 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა ჯარიმის სახით, იმიტომ, რომ თავის დროზე „სითი პარკთან“ დაარღვია კონტრაქტი.

კახა კალაძე აცხადებდა, რომ ბიუჯეტს არც ერთი თეთრი არ დაუჯდებოდა ამ კონტრაქტის გაწყვეტა და წინასაარჩევნოდ იძლეოდა ამ დაპირებებს. ახლა აღმოჩნდა, რომ სწორედ ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადეს „სითი პარკისთვის“. ასევე, თბილისელებისთვის არაფერი გაუმჯობესებულა, როგორც „სითი პარკი“ აჯარიმებდა და გადაჰყავდა საჯარიმოზე, ასე ხდება ახლაც. არ შესრულდა დაპირება, რომ ავტოგასამართი სადგურები მოეწყობოდა, ინფრასტრუქტურაში საერთოდ არანაირი ცვლილება არ ყოფილა. როგორც მათ განაცხადეს, მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ კომპენსაციის სახით 4 მილიონ 300 ათასი დოლარი გადაუხადა და ამით შეწყვიტა მათ შორის სასამართლო დავა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა.

14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა. „სითი პარკმა“ სასამართლოში წარდგენილი საჩივარი უკან გაიხმო.

კომენტარები