ისნის ოლქში სპეცსიებში შეყვანილ ადამიანები მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატებსაც აძლევენ ხმას, რაც ცალსახა დარღვევაა – “ლელოს” წევრი

“ლელო” დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს. პარტიის წევრის თამაზ დათუნაშვილის თქმით, არჩევნების მიმდინარეობის დროს დაფიქსირდა, რომ სპეცსიებში შეყვანილი ადამიანები ხმას მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებსაც აძლევენ.

“ახლა შემოგვივიდა ძალიან მძიმე ძალადობის ფაქტები. პირველ რიგში ვიტყვი ისნის ოლქში, კახეთის გზატკეცილის ნომერ 36-ში, 78-ე უბანზე, სპეცსიებში შეყვანილ ადამიანებს, გარდა იმისა, რომ პროპორციული ბიულეტენი მიეცათ, მიეცათ მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის უფლება, რაც არის ცალსახა კანონდარღვევა. სპეცსიებში შესული ადამიანები, რომელთა შორის ამ შემთხვევაში ბევრი ძალოვანი იყო, არ აქვთ უფლება, რომ მისცენ მაჟორიტარ კანდიდატს ოლქში ხმა და მხოლოდ პროპორციული ბიულეტენი უნდა აიღონ. ამ შემთხვევაში მობილიზება მოხდა ერთბაშად, დაახლოებით 400-მდე ადამიანი ერთად იქნა მიყვანილი საარჩევნო უბანზე და ყველა მათგანს მიეცა უფლება, რომ მაჟორიტარი კანდიდატისთვისაც მიეცა ხმა. ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა და დაუყონებლივ მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეაგირებისკენ, ამ უბანზე მაჟორიტარული შედეგები დაუყონებლივ უნდა გაბათილდეს,” – განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

 

წყარო: “rustavi2.ge”.

კომენტარები