ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინა – თედორე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირებს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით ბრალი წარედგინათ.

-„გარდაცვლილი და ბრალდებულები უახლოესი მეგობრები იყვნენ. მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, იძულება, მუქარა ან ქრთამის შეთავაზება არ მომხდარა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ, რადგან ასეთი ბუნებაში არ არსებობს. ისინი ამ ხელისუფლების მძევლები არიან. ორივე ბრალდებული, როგორც ხუსკივაძე, ისე კობალაძე, განსაკუთრებით კობალაძე, გარდაცვლილის მეგობრები არიან. კობალაძე გობეჯიშვილის ბავშვობის მეგობარია. გარდაცვალებამდე გობეჯიშვილი თავისი ინიციატივით ავიდა ღამის ორ საათზე არაფხიზელ მდგომარეობაში კობალაძესთან. გობეჯიშვილს მეუღლე ინტენსიურად ურეკავდა, ის კობალაძესთან  სახლში იმყოფებოდა დილის რვა საათამდე, მისი მეუღლის განწყობასაც კარგად აღიქვამდა, იქ თუ რამე დაძაბული საუბარი იქნებოდა, მისი ცოლიც მიხვდებოდა. აქეთ სთავაზობდა გობეჯიშვილი, წავიდეთ ახლა, გავაგრძელოთ ქეიფი სხვა მეგობრებთანო. კობალაძე გობეჯიშვილს ხშირად ურეკავდა, მივიდა თუ არა სახლში, ვინაიდან არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. უკვე დილის ცხრა საათზე, თვად გობეჯიშვილმა დაურეკა კობალაძეს, სახლში ვარ ძმაო და მშვიდად იყავიო. 12:00 საათზე კი შეიტყვეს, რომ თედო გობეჯიშვილი გარდაცვლილი იყო“, – განაცხადა დაკავებულების ადვოკატმა, დიანა მარტიაშვილმა.

თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  6 ნოემბერს, ბრალდებული  აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრირებულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა.

ასევე უწყების ცნობით, განცხადების გაკეთების შემთხვევაში გობეჯიშვილს კიდევ უფრო მეტ სარგებელს დაჰირდნენ.

შსს-ს განცხადებაშია ნათქვამია, –  გობეჯიშვილისგან უარის მიღების შემდეგ, ბრალდებულები მას დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და  აიძულებდნენ დასთანხმებოდნენ შემოთავაზებულ წინადადებას.

შსს განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს – 2020 წლის 7 ნოემბერს 1977 წელს დაბადებული თედოერე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.

ცესკოს თანამშრომელი, თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში დღეს, 7 ნოემბერს გარდაიცვალა. ქართულმა ოცნებამ მის გარდაცვალებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა. 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა თქვა, რომ გობეჯიშვილი ენმ-ის რეპრესიების მსხვერპლია და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყონ სისხლის სამართლის საქმე.

გიორგი ხელაშვილთან ერთად, ენმ-ს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალებაში ბრალი პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ბექა დავითულიანმაც დასდო. მან თქვა, რომ “გობეჯიშვილის გარდაცვალების ღამეს მასთან ენმ-სთან დაკავშირებული ხალხი მივიდა”.

ნაციონალურ მოძრაობაში ქართული ოცნების ამ ბრალდებებს ამორალურს უწოდებენ. აცხადებენ, რომ ხელისუფლება ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობს პოლიტიკური მიზნებისთვის.

მმართველი პარტიის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მიმართ ბრალდებები ოპოზიციის პროტესტის, მათი მხრიდან არჩევნების მასობრივად გაყალბებაზე საუბრის და საპროტესტო აქციისთვის სამზადისის ფონზე გაისმა.

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს – მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.

კომენტარები