ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციასთან პერიკარდიტის შემთხვევათა კავშირის კვლევას იწყებს

 ისრაელში ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება –  გამოიკვლიოს და შეისწავლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებთან გამოვლენილი პერიკარდიტის შემთხვევები.

სამინისტროს მიეწოდა ინფორმაცია ვაქცინირებულებთან პერიკარდიტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების შემთხვევებზე. საუბარია რამდენიმე ათეულ შემთხვევაზე იმ ასეულ ათასობით აცრილიდან, რომელმაც ვაქცინის პირველი დოზა მიიღო.

მარტის დასაწყისში კლინიკებისა და ჯანდაცვის სამინისტროს  წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, მოხდა მონაცემთა გაზიარება, რის შემდეგადაც ისრაელის სამინისტრომ გადაწყვიტა კლინიკებისთვის მიეცა დირექტივა – მკაცრად აღრიცხონ  კარდიოლოგიურ განყოფილებებში მოხვედრილი ვაქცინირებული პაციენტები, რომლებსაც  ინფარქტი აღენიშნებათ.

სამინისტროს განცხადებით: “ამ ეტაპზე არ არის დადგენილი ამ პათოლოგიების განვითარებასა და ვაქცინაციას შორის მჭიდრო კავშირი, მიუხედავად ამისა, დაწყებულია საფუძვლიანი შესწავლა.”

აშდოდში ასუტას კლინიკის ინფექციურ დაავადებათა განყოფილების დირექტორი, დოქტორი ტალ ბროში განმარტავს: ”ჩვენ მკაცრ მონიტორინგს ვუწევთ ვაქცინაციის პროცესს. არის სიმპტომები, რომლებსაც ტრადიციულად ვაკვირდებით ვაქცინაციის შემდეგ, აღნიშნული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გადავწყვიტეთ, ეს ფენომენი განსაკუთრებულ კონტროლზე ავიყვანოთ.

პერიკარდიტი სხვადასხვა სიმძიმით გამოვლინდა ცალკეულ პირებთან, თუმცა, ზოგიერთთან შესაძლოა მძიმე შემთხვევებსაც ჰქონდეს ადგილი. ეს შესაძლოა იყოს დაკავშირებული ვაქცინაციასთან და შესაძლოა არც იყოს. ეს ყველაფერი ჯერ გასარკვევია, ამიტომაც  მივმართეთ სამინისტროს, რომ მოახდინოს საფუძვლიანი ანალიზი ამ ფენომენის გახშირებისა ქვეყნის მასშტაბით, რა მაჩვენებელი აქვს მას ვაქცინირებულებს და არავაქცინირებულებს შორის, რათა მოხდეს ამ ორ ჯგუფს შორის შედარებითი ანალიზი.

დოქტორი ბროში იმასაც აღნიშნავს, რომ გულის მემბრანის (საუბარია პერიკარდიუმზე – გულის სეროზულ გარსზე) და კუნთის (მიოკარდიუმის) ანთება შესაძლოა ვირუსებმაც გამოწვიონ და ის სრულებითაც არ იყოს ვაქცინაციასთან კავშირში, შესაძლოა იყოს იმუნური რეაქციის გამოვლინებაც, როდესაც იმუნური სისტემა შეტევას  ახორციელებს  გულის  კუნთზე.

ასეთი რეაქცია თეორიულად შესაძლოა განვითარდეს ვაქცინაციის შემდეგ, თანაც ნებისმიერი ვაქცინის შეყვანის შემდეგ, არ არის სავალდებულო მაინც და მაინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის. ამგვარად, თეორიული შანსი ამ ორ ფენომენს შორის კავშირისა, ნამდვილად არსებობს, თუმცა ჩვენ ჯერ შესწავლისა და ანალიზის გარეშე დასკვნებს ვერ გავაკეთებთ!”

ხადასის კლინიკის  კორონავირუსის განყოფილების ხელმძღვანელის,  პროფესორ დრორ მევორახის განცხადებით: ”ჩვენთანაც გამოვლინდა რამდენიმე ასეთი შემთხვევა, თუმცა, ვაქცინაციასთან მის კავშირზე საუბარი ძნელია, ამ ეტაპზე ვერვინ განსაზღვრავს რისკჯგუფს. ეს კვლევის საგანია.”

თინათინ გოცაძე

 

 

კომენტარები