ისრაელმა ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა… – პირობები

ისრაელმა პირველ ნოემბერს საზღვრები გახსნა უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებსაც გაკეთებული აქვთ კოვიდსაწინააღმდეგო აცრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული პრეპარატებით. ამ ინფორმაციას ისრაელის სახელმწიფო რადიო Kan-ი ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფომაციით, პირველი ნოემბრიდან ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც  აცრილები არიან  – Pfizer, Moderna, AstraZeneca, Sinovac, Sinopharm, Johnson & Johnson და Covishield, ბოლო აცრა გაკეთებული უნდა იყოს არაუადრეს 7 დღისა ისრაელში მოგზაურობის დაწყებამდე და არაუგვიანეს 6 თვისა ისრაელში მოგზაურობის დასრულებამდე , Johnson & Johnson-ით აცრა ჩატარებული უნდა იყოს ისრაელში შესვლამდე არაუადრეს 14 დღისა; ქვეყანაში შესვლა ასევე შეუძლიათ კოვიდისგან  გამოჯანმრთელებულ უცხოელებს, –  გამოჯანმრთელების თარიღიდან მოგზაურობის დასრულებამდე არ უნდა იყოს გასული 6 თვეზე მეტი.  ატურისტებმა, აგრეთვე, უნდა წარადგინონ ისრაელში გამგზავრებამდე არაუგვიანეს 72 საათის წინ გაკეთებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი, ბენ გურიონის აეროპორტში ჩაფრენისას ისევ უნდა გაიკეთონ პისიარ ტესტი და პასუხის მიღებამდე იზოლაციაში დარჩნენ. ტურისტებს გამგზავრებამდე 14 დღით ადრე არ უნდა ჰქონდეთ „წითელ ზონაში“ მყოფ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, სამინისტროს პრესსამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია იმ ქვეყნების სია, რომლებიც ისრაელმა „წითელ ზონას“ მიაკუთვნა.

ქვეყანაში 15 ნოემბრიდან რუსული „სპუტნიკით“ აცრილ ტურისტებსაც შეუშვებენ იმ პირობით, თუ ისინი პისიარ ტესტის გარდა ისრაელში ჩასვლისას სეროლოგიურ ტესტსაც (ანტისხეულებზე) გაიკეთებენ და დადებით პასუხს მიიღებენ.

ოფიციალურმა თელ-ავივმა ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში განაცხადა, – განიხილება საზღვრების გახსნა პირველი ივლისიდან ინდივიდუალურად მოგზაურობის მსურველი ტურისტებისთვის, მაგრამ ქვეყანაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო გახსნა გადაიდო.

კომენტარები