ისრაელში 3-კვირიანი საყოველთაო კარანტინი დაწესდა

ისრაელში დღეიდან 3 -კვირიანი საყოველთაო კარანტინი იწყება. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კარანტინის დაწყება ქვეყანაში ებრაული ახალი წლის დაწყებას დაემთხვა, დღესასწაული დაკავშირებულია დიდ ოჯახურ შეკრებებსა და ლოცვების ჯგუფურად ჩატარებასთან.

ისრაელში მოქალაქეებს საკუთარი სახლებიდან 500 მეტრის რადიუსზე შორს წასვლის უფლება არ ექნებათ, გამონაკლისი დაიშვება, თუ მოქალაქე სამსახურში, პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ან სავარჯიშოდ მიდის.

სინაგოგებში აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის წესების დაცვა, შეზღუდვა წესდება სინაგოგებში მყოფი მორწმუნეების რაოდენობაზეც.

პანდემიის დაწყების დღიდან, ისრაელში გამოცხადებული მეორე საყოველთაო კარანტინია. პირველად კარანტინი მარტის ბოლოს დაწესდა, – მაისში მოიხსნა, მაგრამ ქვეყნის ლიდერების განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში ახალი შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა, ზოგიერთ დღეს 5 000-საც კი გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყების დროიდან, ისრაელში კორონავირუსის 176 933 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 129 394 და დაღუპულია 1 169 ადამიანი.

კომენტარები