„ის მძარცველი რომ დაიჭირონ, ქოცები აუცილებლად შეეცდებიან, ათქმევინონ რამე, ან წარსულში მოიძიონ რამე შეხება რომელიმე ნაცთან“ – დავით ზურაბიშვილი

-„ჩემი მოკრძალებულ აზრით:
ის მძარცველი რომ დაიჭირონ, ქოცები აუცილებლად შეეცდებიან იპოვონ მასში რამე ნაცური კვალი. ან თავად მას ათქმევინონ რამე, ან წარსულში მოიძიონ რამე შეხება რომელიმე ნაცთან, ან ბოლო-ბოლო ძმა ეყოლება ნაცი, ან ბიძაშვილი, ან ნათელ-მირონი ან ძმაკაცის ცოლისდა. ამის შემდეგ კი აუშვებენ კობახიძე-მდინარაძეებს ტროლ-ბოტთა ურიცხვი და ვერვისგან ანაწონები ლაშქრით და ატეხენ ღრიანცელს.
ამის საპასუხოდ ან შესაძლოა უფრო ადრეც პირდაპირ დაჭერისთანავე, ნაცებში მომწიფდება აზრი, რომ ეს ყველაფერი იყო ბიძინას მიერ დადგმული ტრიუკი, ისევე როგორც ციხის კადრები და რაფალიანცის მკვლელობა, რის დასტურადაც რაღაც მანქანებით მოიძიებენ ტერორისტის სავარაუდო კავშირებს ან ლავასოღლისთან, ან კაწროსთან ან სულაც ბერასთან და ატეხენ ღრიანცელს.
თუ ის მძარცველი ვერ დააპატიმრეს და აყვანის ოპერაციის დროს მოკლეს, მაშინ ნაცებში გავრცელდება აზრი, რომ ეს სპეციალურად გააკეთეს, რათა არ გამჟღავნებულიყო ბიძინას ტრიუკი და მერე როგორც ტექსტშია, ანუ ციხის კადრები, რაფალიანცი, კაწრო, ბერა და ა. შ. ღრიანცელი.
ამის საპასუხოდ ან შესაძლოა უფრო ადრეც, ქოცები ქართული მარშის, პატრიოტთა ალიანსის, ერთი-ორი სასულიერო პირის და ტროლ-ბოტთა ფაბრიკა-ქარხნების მეშვეობით ატეხენ ღრიანცელს, რომ ტერორისტი სავარაუდოდ იყო ნაცი, რომელსაც გააკეთებინეს ბინძური საქმე, მერე თავად ნაცებმა მოკლეს ინფორმაციის დაფარვის მიზნით და მოითხოვენ პოლიციის რიგების ნაცნარჩენებისგან გაწმენდას. არ არის გამორიცხული ოპერაციის მონაწილე ერთ-ერთი პოლიციელი ან სპეცრაზმელი დააკავონ ნაცშეთქმულების ბრალდებით, რის შემდეგაც განვითარდება დაახლოებით იგივე სცენარი, რაც მძარცველის დაკავების შემთხვევაში (იხ. ზემოთ) ორმხრივი ღრიანცელით.
მოკლედ, ერთადერთი ვარიანტი, რომ არცერთი მხრიდან არ მოვისმინოთ კონსპიროლოგიური იდიოტიზმები, არის ის, რომ ეს მძარცველი დარჩეს დაუსჯელი და საერთოდ ვერ მიაგნონ მის ალი-კვალს. ამაზე ნაცები კი ატეხენ ღრიანცელს, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, პოლიცია აღარ გვყავს და კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია, მაგრამ ისინი ისედაც ამას იძახიან სულ და ქოცის ყურიც იმდენად მიჩვეულია, ლამის დედის ნანასავით ჩაესმით.
პირადად მე რაც შემეხება, მე საღი აზრის მომხრე ვარ, ანუ არც ის მინდა, რომ ბოროტმოქმედი დაუსჯელი დარჩეს და არც ის მინდა, რომ პოლიტიკური დაპირისპირებით შთაგონებულნი შეთქმულების თეორიებს არახუნებდნენ ყოველი მხრიდან, მაგრამ სადაა საღი აზრი და კაი ცხოვრება?“
კომენტარები