“იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, იური სუსლიაკი კი ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა”- ათივე ბავშვი უკრაინაში ბრუნდება
საქართველოში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალის, იულია სუსლიაკის უკრაინელმა და ქართველმა ინტერესების დამცველებმა მედიაცენტრ “მთავარში“ ის დოკუმენტები და მტკიცებულება წარადგინეს, რომლითაც დასტურდება, რომ ბავშვების ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო იური სუსლიაკი, – ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა.
იური სუსლიაკის ინტერესების დამცველებმა და უკრაინიდან ჩამოსულმა ოჯახის წევრებმა, პრესკონფერენცია მედიაცენტრ “მთავარში“ გამართეს.
„4 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე შუამდგომლობით, იულია სუსლიაკის აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით, რაც ემყარებოდა უტყუარ მტკიცებულებებს.
პირველი მტკიცებულება არის სამხარაულის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, დადგენილება, რომლის მიხედვითაც, იულია სუსლიაკი ამ 10 ბავშვიდან 4- ის ბიოლოგიური დედაა.
მეორე, – დადგინდა, რომ 10-ვე ბავშვი ერთმანეთის ნათესავია – და-ძმები მამის ხაზით, ანუ იური სუსლიაკი 10-ვე ბავშვის მამაა. დადგინდა, რომ 10 ბავშვიდან 6-თან იულია სუსლიაკს ნათესაური კავშირი არ გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, რეპროდუქციის პროგრამით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები არიან.
ასევე, არსებობს უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ, საქართველოს შსს-ში გამოგზავნილი ინფორმაცია, რომელზეც შავით თეთრზე წერია, რომ 2002 წლიდან, იური და იულია სუსლიაკები იმყოფებიან კანონიერ ქორწინებაში, მათ ჰყავთ 10 შვილი, რომ რეპროდუქციის პროგრამა მათ გამოიყენეს უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, რომ უკრაინაში არ არის აკრძალული რა ოდენობის და რამდენჯერ შეიძლება უკრაინის მოქალაქემ რეპროდუქციის პროგრამა გამოიყენოს. მათ უკრაინის საზღვრები გადაკვეთილი აქვთ და შემოსულები არიან სრულიად კანონიერად“ – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.
მისივე განცხადებით, არ მტკიცდება ქართველი სამართალდამცველების განცხადება, რომ სუსლიაკების ოჯახს ცუდი წარსული აქვს.
„საქართველოს შსს-ს და პროკურატურის მოსაზრება, რომ სუსლიაკებს ბინძური ბიოგრაფია და წარსული აქვთ, არ დასტურდება. კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება საქართველოს შსს-ს კრიმინალური ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც, ყველა დოკუმენტი, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ნამდვილია და ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ამ დროს, რამდენიმე დღის წინ, საქალაქო სასამართლომ უარი მითხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმის საფუძველზე, რომ ეს დოკუმენტები არ არის ნამდვილი.
უფრო მეტიც, ღონისძიების შეფარდებისას, ქალბატონი პროკურორი თეა გიორგაძე აცხადებს, რომ მე თითქოს, რაღაც ყალბ დოკუმენტებს დავათრევ. ეს აუდიო ჩანაწერი გამაჩნია და მასაც გავასაჯაროებ. დაათრევსო, ზუსტად ეს სიტყვა იხმარა და სასამართლო დაარწმუნა იმაში, რომ არ ემსჯელა. ამ დროს თავისსავე დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ზურაბ თოდუას წარმოდგენილი დოკუმენტები და იულია სუსლიაკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, არის ნამდვილი“ – განაცხადა ზურაბ თოდუამ.
იულია სუსლიაკის დედა და დედამთილი კი, ექსპერტიზის დასკვნით ამტკიცებენ, რომ ისინი ბავშვების ბიოლოგიური ბებიები არიან და საქართველოს ხელისუფლებისგან შვილიშვილების გადაცემას ითხოვენ.
მათ სპეციალური განცხადება მედიაცენტრ “მთავარში“ გააკეთეს:
„როცა სპეციალურ დაწესებულებაში მივედი, სადაც ბავშვები ჰყავთ გადაყვანილი, იქ ჟურნალისტებიც იყვნენ და მითხრეს, რომ თუ ჟურნალისტებიც იქნებოდნენ, ბავშვებს არ მანახებდნენ. დაახლოებით 20 წუთი ვიყავი ერთ ბავშვთან, შემდეგ, ის გაიყვანეს და მეორე მოიყვანეს.
ბავშვები შემომეხვივნენ, ტიროდნენ, როდის წამიყვანთო. 5 ბავშვი ერთ დაწესებულებაშია მოთავსებული, მეორე ხუთი კი სხვაგან. მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ. თუ დღეს ბავშვების გადმოცემა მოხდება, მათ უკრაინაში წავიყვანთ და ჩემთან ერთად იქნებიან“ – განაცხადა უკრაინიდან ჩამოსულმა ბავშვების ბებიამ, ემა სტეპანოვა-სუსლიაკმა.
ბავშვების მეორე ბებია, დაკავებული იულიას დედა კი აცხადებს, რომ ბავშვები დაკავებისას, სტრესულ გარემოში იმყოფებოდნენ:
„წარმოიდგინეთ, იულია დაკითხვაზე 9 საათი ჰყავდათ. ამ დროის განმავლობაში მას უმტკიცებდნენ, რომ ეს ბავშვები მისი არ არის და რომ მას ისინი ნაყიდი ყავს. ამ აზრს ურტიალებდნენ სხვადასხვა ბრუნვაში, 9 საათის განმავლობაში ამას უმტკიცებდნენ. იგივეს ეუბნებოდნენ ბავშვებსაც, რომ იულია მათი დედა არ არის,“ – აღნიშნა ირინა ტროფიმჩენკომ.
ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს 15:00 საათზე, უკრაინის საელჩოში საგანგებო განცხადება გაკეთდება, რის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლება, სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ ათივე ბავშვს, უკრაინის დელეგაციას დღესვე გადასცემს და ბავშვები უკრაინაში დღესვე გაფრინდებიან.
იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი ქალბატონი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. შსს-მ სს საქმე 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც არასრულწლოვნებით ვაჭრობას გულისხმობს და 14-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.