იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ნიღბებით მივიდნენ, ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც გენერალურ პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა დარბაზში შევიდნენ. ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს. კომიტეტის სხდომაზე თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.

„ბიძინა ივანიშვილმა შოთაძე დააყენა, რომ პოლიტპატიმრებით მართოს ქვეყანა, მაგრამ რამდენი პოლიტპატიმარიც არ უნდა ყავდეს ბიძინა ივანიშვილს, ბატონო შოთაძე, ჩვენ ვერ გაგვაჩერებს“ ,- მიმართა ბოკუჩავამ ირაკლი შოთაძეს.

სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მათ რამდენჯერმე მოუწოდა სიმშვიდისკენ.

„დაწყნარდით, თქვენი პერფორმანსები თქვენთვის შეინახეთ. შეგიძლიათ დარჩეთ, კორექტულად მოიქცეთ, როგორც პარლამენტის წევრებს შეეფერება და დასვათ კითხვები. ჩვენ ვერ ავყვებით ასეთი უაპსუხისმგებლო პარლამენტის წევრების საქციელებს, გადავიდეთ საქმიან ფორმატზე“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებები დარბაზში მყოფმა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ გააპროტესტა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაგრძელდა მას შემდეგ, რაც ის თინა ბოკუჩავამ და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.

შოთაძის თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ საშუალება, მოესმინათ მისი ხედვები, მოსაზრებები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდეგ გამოეხატათ თავიანთი კრიტიკული პოზიცია.

„ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, ძალიან სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები, მოსაზრებები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდეგ გამოეხატათ თავიანთი კრიტიკული პოზიცია, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან, უპირველეს ყოვლისა, თვითონ მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან შეურაცხყოფილი, ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. შესაბამისად, მხოლოდ აღზრდა ადამიანს რა უშველის, თუ ბუნებამც არ უშველაო, სწორედ ეს არის ჩემი პოზიცია ამ ყველაფერთან, რაც მოხდა“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები