„კავასაკის სინდრომი არის მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება“ – მაია ბუწაშვილი

-„ბოლო პერიოდში კავასაკის დაავადებას ხშირად ახსენებენ, როგორც ბავშვთა ასაკში კორონავირუსული ინფექციის საშიშ გართულებას. რეალურად, შემთხვევების რაოდენობამ პანდემიის ეპოქაში მოიმატა, თუმცა თავისთავად ეს დაავადება ახალი არ არის.

კავასაკის სინდრომზე ბოლო ხანებში ვრცელდება ინფორმაცია, როგორც კორონავირუსთან ასოცირებულ რაღაც მისტიურ გართულებაზე და ის შიშს და პანიკას იწვევს მშობლებში.

კავასაკის სინდრომი არის მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ახასიათებს ასევე ლიმფური კვანძების გადიდება, „ჟოლოსებრი“ ენა, გამონაყარი და ა.შ. დაავადების დროს ხდება სისხლძარღვების და გულის დაზიანება. უმეტეს შემთხვევაში განკურნებით მთავრდება, თუმცა შეიძლება მძიმე გართულებებიც ახლდეს თან.

ეს არის გულის შეძენილი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში, განვითარებად ქვეყნებში. გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხშირად ინფექციურ დაავადებებთან არის ასოცირებული. ამიტომ, როდესაც რომელიმე ინფექციური დაავადების მაღალი გავრცელებაა, შეიძლება დაფიქსირდეს კავასაკის დაავადების შემთხვევების მატება, მათ შორის ამჟამად, კორონავირუსის პანდემიის დროს.

ამჟამად აშშ-ში კავასაკის დაავადების 85 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 73 ნიუ-იორკში და 3 ბავშვი გარდაიცვალა.

უმრავლესობას ქონდა დადებითი ახალი კორონავირუსის PCR-ი ან ანტისხეულები. ბერგამოში, რომელიც ფაქტობრივად COVID-19 ეპიცენტრი იყო, ერთ-ერთ მთავარ ბავშვთა კლინიკაში დაფიქსირდა კავასაკის სინდრომის 10 შემთხვევა 2 თვის განმავლობაში, მათგან 8-ს ქონდა კორონავირუსის ანტისხეულები.

ტაივანში 2014 წელს ჩატარებული კველევით, რომელმაც შეაჯამა კავასაკის დაავადების მქონე 226 ბავშვის ცხვირ-ხახის ნაცხის PCR შედეგები, გამოვლინდა, რომ 27%-ში იყო რინოვირუსი, 16%-ში ენტეროვირუსი, 16.8%-ში ადენოვირუსი და 7.1%-ში კორონავირუსი და რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ახალი კორონავირუსი. კავასაკის დაავადების შემთხვევები აღწერილი იყო ბავშვებში H1N1 პანდემიის დროსაც“,  –  წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

კომენტარები